weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სერია A-ს ბოლო ტურმა ევროსაგზურები გაარკვია

10:15 ორშაბათი, 27 მაისი 2019

დასრულდა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2018-2019 წლების გათამაშება. უკანასკნელ ტურში მთავარი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საგზურების მოპოვებისთვის ბრძოლა იყო. UEFA-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე, ისტორიაში პირველად, ბერგამოს „ატალანტა“ ითამაშებს.

ბოლო ტური დრამატული და საინტერესო გამოდგა, რაც თავიდანვე ნათელი იყო, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ხომ 4 გუნდი - ატალანტა, მილანი, ინტერი და რომა აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მხოლოდ ორი ადგილი იყო თავისუფალი.

შედარებით იოლ სიტუაციაში „ატალანტა“ და „ინტერი“ იყვნენ: თუ მოიგებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ გავიდოდნენ, ასეც მოხდა, სახელოვანი „მილანი“ კი ამ ორი გუნდის წაფორხილებას ელოდა (ერთ-ერთის მაინც). „როსონერიმ“ სტუმრად „სპალ“ დაამარცხა და მეტოქეების თამაშზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, ჯენარო გატუზოს გუნდი ოთხეულს მიღმა დარჩა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვერ გავიდა. მთლიანობაში, „როსონერიმ“ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან სეზონის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი დაუგეგმავი ქულა დაკარგა.

„ატალანტამ“ კი ისტორია დაწერა. როგორც უკვე ვახსენეთ, მოკრძალებული ლომბარდიული კლუბი ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. ჯამპიერო გასპერინის გუნდს შინ უმოტივაციო „სასუოლო“ უნდა დაემარცხებინა და ამის გაკეთება მოახერხა კიდეც, თუმცა ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან აგებდა, მერე დუვან საპატამ გაათანაბრა, პირველი ტამის ბოლოს კი „სასუოლოს“ დომენიკო ბერარდი გაუძევეს და „ატალანტამ“ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო. შედეგად, მასპინძლებმა ეს კარგად გამოიყენეს, მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაიტანეს და ყველაფერს წერტილი დაუსვეს. „ატალანტამ“ 69 ქულა დააგროვა და გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გავიდა, სერია A-ში მესამე ადგილიც არსებობის ისტორიაში პირველად დაიკავა.

მილანში „ინტერმა“ ლევან მჭედლიძის „ემპოლის“ უმასპინძლა და ყველაზე საინტერესო თამაშიც ეს გამოვიდა. „ნერიაძურის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად აუცილებლად უნდა მოეგო, „ემპოლის“ კი ქულა მაინც სჭირდებოდა გადასარჩენად, რადგან პარალელურად „ფიორენტინამ“ და „ჯენოამ“ მშვიდად უგოლო ფრე ითამაშეს და ეს ნიშნავდა, რომ წაგების შემთხვევაში „ემპოლი“ სერია B-ში ქვეითდებოდა. უგოლო ტაიმის შემდეგ „ინტერი“ კეიტა ბალდემ 51-ე წუთზე დააწინაურა, მერე მაურო იკარდის მეკარემ პენალტი აუღო, სტუმრებმა შეუტიეს და გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ 5 წუთის შემდეგ რაჯა ნაინგოლანმა ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და კვლავ წინ გაიყვანა „ინტერი“. საფინალო სასტვენამდე 10 წუთი რჩებოდა „ემპოლის“, რომელზეც „მილანიც“ იყო დამოკიდებული. ტოსკანელებს ორი ძალიან კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ჯერ მეტოქე მცველმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან და თან ხარიხას მოხვდა ბურთი, მერე კი მილანელთა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა პირისპირ დარჩენილ ფეხბურთელს არ გაატანინა და გმირი გახდა. საბოლოოდ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და მთავარი კონკურენტი „მილანი“ ოთხეულს მიღმა დატოვა.

„ემპოლიმ“ და „ჯენოამ“ სეზონი 38-38 ქულით დაასრულეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო გენუელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ლევან მჭედლიძის გუნდი კი ერთი წლის შემდეგ კვლავ ქვედა ლიგას დაუბრუნდა.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, „რომამ“ „პარმა“ დაამარცხა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზურის გარდა ვერაფერს გამორჩა. ადგილობრივი პუბლიკა დანიელე დე როსის დაემშვიდობა - კლუბის ლეგენდას, რომელმაც რომაულ კარიერის 18 წელი მიუძღვნა.

ჩემპიონი „იუვენტუსი“ გენუაში „სამპდორიასთან“ დამარცხდა. ფაბიო კვალიარელას გოლი არ გაუტანია, მაგრამ 26 გოლით წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მაინც გახდა.

ამრიგად, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „ატალანტა“ და „ინტერი“ ითამაშებენ, ევროპა ლიგაზე „მილანი“, „რომა“ და „ლაციო“ გაირჯებიან, ხოლო „ემპოლი“, „ფროზინონე“ და „კიევო“ სერია B-ში გავარდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]