weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ჩელსი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია

10:26 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

ბაქოში გამართული ლონდონური დერბი „ჩელსიმ“ მოიგო. მაურიციო სარის გუნდმა ევროპა ლიგის ფინალში პრინციპული მეტოქე „არსენალი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ეს ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

შეხვედრა ფრთხილი თამაშით დაიწყო. გუნდები არ რისკავდნენ და ინიციატივის მოპოვებას ცდილობდნენ. ნელ-ნელა „მეთოფეთა“ უპირატესობა გამოიკვეთა და კეპა არისაბალაგას კარსაც გაუშინაურდნენ, რაც ძირითადად კუთხურებითა და სტანდარტული სიტუაციებით გამოიხატებოდა.

მეორე ნახევრიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ოლივიუ ჟირუმ ტაიმის დასაწყისშივე გაუტანა ყოფილ გუნდს რთული თავური გოლი და ამ ევროპა ლიგაზე მე-11 ბურთი მიითვალა, რითაც წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. სანამ „არსენალი“ გადაეწყო „არისტოკრატებმა“ მეორეც გაიტანეს - თავი პედრო როდრიგესმა გამოიჩინა და ის ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალებში აქვს გოლი გატანილი. სანამ უნაი ემერის გუნდი თამაშში ცვლილებების შეტანას ცდილობდა, საჯარიმოში ოლივიე ჟირუ წააქციეს, პენალტი კი გოლად მშვიდად აქცია ედენ აზარმა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვიტა. მართალია ამ გოლიდან ორიოდე წუთში შეცვლაზე ახალგამოსულმა ალექს ივობიმ ეფექტური და ძლიერი დარტყმით სხვაობა შეამცირა, მალევე ჟირუმ შესანიშნავი პასით აზარს გაატანინა და ყველაფერი დაასრულა.

ნათლად გამოჩნდა, რომ „ჩელსი“ ამ ეტაპზე „არსენალზე“ უკეთესი გუნდია და ფინალურ შეხვედრასაც უკეთ მომზადებული შეხვდა, „არსენალს“ კი მოტივაციის ნაცვლად ნერვიულობა უფრო ეტყობოდა. თავი თითქმის ვერაფრით დაგვამახსოვრეს მისი გუნდის ლიდერებმა - მესუთ ოზილმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა.

მაურიციო სარიმ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო, პეტრ ჩეხმა კარიერის უკანასკნელი მატჩი გამართა, „ჩელსი“ კი ამ გამარჯვების წყალობით მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ კალათში იქნება განთესილი. რაც შეეხება „არსენალს“, თეთრ-წითლებს გაისადაც ევროპა ლიგაზე ასპარეზობით მოუწევთ დაკმაყოფილება.

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი

ჩელსი – არსენალი 4:1

ჩელსი (4-3-3): კეპა არისაბალაგა; ასპილიკუეტა, ა. ქრისტენსენი, დავიდ ლუისი, ემერსონი; კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (ბარკლი 76); პედრო (ვილიანი 71), ჟირუ, ე. აზარი (ძაპაკოსტა 89).

მწვრთნელი: მაურიციო სარი

არსენალი (3-4-1-2): ჩეხი; პაპასტათოპულოსი, კოსიელნი, მონრეალი (გენდუზი 66); მეიტლენდ-ნაილზი, ტორეირა (ივობი 66), გ. ჯაკა, კოლაშინაცი; ოზილი (უილოკი 78); ლაკაზეტი, ობამეიანგი.

მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ჟირუ (49) 2:0 პედრო (60) 3:0 ე. აზარი (65 პ.) 3:1 ივობი (69) 4:1 ე. აზარი (72).

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

აქვე გეტყვით, რომ „ჩელსი“ UEFA-ს სუპერ თასის მატჩში, რომელიც 14 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]