weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ტოტენჰემი“ პირველად თუ „ლივერპული“ მეექვსედ

10:58 შაბათი, 01 ივნისი 2019

დღეს 2018-2019 წლების საფეხბურთო სეზონის მთავარი მატჩია: მადრიდში, სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ორი ინგლისური გუნდი იბრძოლებს. ლონდონის „ტოტენჰემს“ შანსი აქვს ისტორიაში შევიდეს და უპრესტიჟულესი ტიტული პირველად მოიგოს, ფავორიტი „ლივერპული“ კი გასულ წელს ფინალში მარცხის საპასუხოდ წელს ეცდება გამარჯვებას და სანუკვარი თასის მეექვსედ მოგებას.

ლონდონელები ისტორიაში პირველად გავიდნენ ფინალში, ხოლო „ლივერპულისთვის“ ეს უცხო ვითარება არაა - მერსისაიდული გრანდი მეცხრედაა ამ ტურნირის ფინალში.

გუნდები ერთმანეთს ზედმიწევნით კარგად იცნობენ. უკანასკნელ სეზონში, პრემიერ ლიგაში გამართული მათი ორივე დაპირისპირება იურგენ კლოპის გუნდის ერთნაირი ანგარიშით (2:1) გამარჯვებებით დასრულდა.

სასიხარულოა, რომ დღევანდელ გადამწყვეტ მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება. ფინალს მხოლოდ „ლივერპულელი“ ნაბი კეიტა დააკლდება, რომელიც ტრავმირებულია. ტრავმირებული იყო რობერტო ფირმინო, რომელმაც ვარჯიში დაიწყო და გუნდთან ერთად მადრიდში იმყოფება. ჯერჯერობით ბრაზილიელის თამაში გადაწყვეტილი არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ანალოგიური ვითარებაა მაურისიო პოჩეტინოს ბანაკშიც. „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ ტრავმირებული ლიდერი ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომელიც ერთი კვირაა ვარჯიშობს და როგორც თავად ამბობს, სათამაშოდ მზადაა, მაგრამ პოჩეტინოს თქმით, გადაწყვეტილებას მატჩის დღეს მიიღებს.

პოჩეტინოსა და კლოპს ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვთ. არგენტინელი პრესტიჟულ ტიტულთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, ხოლო კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ფინალი აქვს წაგებული (2013 და 2018 წლებში, პლიუს ევროპა ლიგის ფინალი 2016 წელს) და როგორც თავად ამბობს, ახლა გამარჯვებს დროა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური ფინალი მეორედ იმართება. 2008 წელს, მოსკოვში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ჩელსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტოტენჰემ ჰოტსპური (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; უინკსი, მ. სისოკო; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]