weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

02:22 კვირა, 02 ივნისი 2019

2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ გახდა, რომელმაც მადრიდის ახალ სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპური“ დაამარცხა და უპრესტიჟულესი საკლუბო თასი მეექვსედ მოიგო.

ფინალურ მატჩში ანგარიში უსწრაფესი გოლით გაიხსნა: 25-ე წამზე მუსა სისოკოს ხელზე მოხვდა და არბიტრმა პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, რომელიც გოლად მოჰამედ სალაჰმა აქცია. ამის შემდეგ მაყურებელმა უღიმღამო თამაში იხილა. „ტოტენჰემი“ ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებდა, „ლივერპული“ კი თავს დოდად არ იკლავდა, თუ არ ჩავთვლით ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შორეულ უძლიერეს გასროლას, რომელიც უგო ლორისის კარს აცდა. სანახაობა ოდნავ გაახალისა მოედანზე შევარდნილმა ნახევრად შიშველმა ქალმა სტრიკერმა, ეგ იყო და ეგ.

მეორე ნახევარში ლონდონელებმა თამაშის გამოცოცხლება სცადეს და რამდენიმე იერიშიც მიიტანეს ალისონის კართან, თუმცა ბრაზილიელი გოლკიპერის კარს გასაღები ვერაფრით მოუძებნეს. სამაგიეროდ გოლი კვლავ „წითლებმა“ გაიტანეს - თავი შეცვლაზე შესულმა დივოკ ორიგიმ გამოიჩინა და ყველაფერი გადაწყვიტა. დარჩენილ დროში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ვეღარაფერი გააწყო და მარცხს შეეგუა.

ამრიგად, იურგენ კლოპმა გასულ წელს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მერსისაიდულ გუნდს სანატრელი ჯილდო მოუტანა, თავად კი რამდენიმე წაგებული ფინალის შემდეგ პირველად გაიმარჯვა გადამწყვეტ შეხვედრაში.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ლონდონურ კლუბზე აუგს ნამდვილად ვერავინ იტყვის. „მამლებმა“ ხომ უაღრესად საინტერესო და დაძაბულ სეზონში თითქმის შეუძლებელი შეძლეს და პირველად გააღწიეს ევროტურნირის ფინალში, რაც პოჩეტინოს გუნდის მართლაც დიდი წარმატებაა.

ტოტენჰემ ჰოტსპური – ლივერპული 0:2

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“ მაყურებელი: 52 212

ტოტენჰემ ჰოტსპური (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; მ. სისოკო (დაიერი 74), უინკსი (ლუკას მოურა 66); დელე ალი (ფ. ლორენტე 81), ერიკსენი, სონი; კეინი.

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ლივერპული (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, ე. რობერტსონი; ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (მილნერი 62); სალაჰი, ფირმინო (ორიგი 58), მანე (ჯ. გომესი 90).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: სალაჰი (2 პ.), ორიგი (87).

ბურთის ფლობა: 62%-38%

კუთხურები: 8:9

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ აგვისტოში, ევროპის სუპერ თასის მატჩში, წლევანდელი ევროპა ლიგის გამარჯვებულ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]