პორტუგალია-შვეიცარიის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც პორტოში „ესტადიო დო დრაგაოზე“ შედგა, ერთი შეხედვით ლოგიკური ყაიმით სრულდებოდა, მაგრამ რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ნაკრები ფინალში გაიყვანა.
„იუვენტუსის“ ლიდერმა პირველ ტაიმში საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში რიკარდო როდრიგესმა ცოტა საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით უპასუხა. თამაშიც ისეთი სცენარით გაგრძელდა, თითქოს ფრე და დამატებითი დრო გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რონალდომ მატჩის მიწურულს კიდევ ორჯერ გაიტანა და ყველაფერი გადაწყვიტა.
კრისტიანო რონალდოს კარიერაში ეს 53-ე ჰეთ-თრიქი გამოდგა, ეროვნულ გუნდში კი უკვე 88 გოლი დაუგროვდა, რაც ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდომ ერთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მას საერთოდ არ უთამაშია.
პორტუგალია ფინალში, რომელსაც ასევე პორტო უმასპინძლებს, ინგლისი-ჰოლანდიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.