weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს იოლად სძლია

22:21 პარასკევი, 07 ივნისი 2019

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა პირველი გამარჯვება ქვეჯგუფის აუსტაიდერთან მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიბრალტარის ნაკრები საკმაოდ იოლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ბევრი წამყვანი ფეხბურთელის დანაკლისის გამო ნაკრების ძირითადში სლოვაკმა მწვრთნელმა ახალი სახეები დააყენა, რომლებმაც გაამართლეს კიდეც. შეხვედრის პირველივე წუთებიდან მასპინძელმა ქართველებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და ჯუჯა ქვეყნის ნაკრებს ბევრს უტევდნენ, რამაც შედეგი 30-ე წუთზე გამოიღო - ვაკო გვილიას ტექნიკურ დარტყმას მეკარემ ალღო ვერ აუღო. ტაიმის უკანასკნელ წუთზე გიბრალტარელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს და უაღრესად სახიფათო შესრულებული სტანდარტულისას მეკარე გიორგი ლორიამ ბურთი ეფექტური ნახტომით მოიგერია.

მეორე ნახევრიდან „ჯვაროსნებმა“ კიდევ უფრო მოუმატეს შეტევებსა და მეტოქის კარში დარტყმებს. 59-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი გიორგი პაპუნაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვლაზე ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა. საქართველო მესამე გოლზე წავიდა და საწადელს მიაღწია კიდეც - ვატო არველაძემ თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და სადებიუტო გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საერთო შეფასებით, „ჯვაროსნებმა“ კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით ეს ნაკრების ახალბედებზე - ლევან ხარაბაძეზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვატო არველაძეზე ითქმის. მართალია მეტოქე სუსტი გუნდი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვება უაღრესად საჭირო იყო. გუნდს ხომ რამდენიმე დღეში, კოპენჰაგენში დანიის ძლიერ ნაკრებთან მძიმე მატჩი ელის.

საქართველო - გიბრალტარი 3:0

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე; კვეკვესკირი, კანკავა (მჭედლიძე 77); მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, ხ. კვარაცხელია (პაპუნაშვილი 46); ვ. არველაძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გიბრალტარი (3-5-2): გოლდუინი; ჯ. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, ენსლი (ბარნეტი 86); სერჯანტი, დე ბარი, ბარდონი (კუმბესი 77), ენ. ერნანდესი, ოლივერო; უოკერი, კასიარო (პონსი 65).

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

გოლები: გვილია (30), პაპუნაშვილი (59), ვ. არველაძე (76 პ.).

გაფრთხილება: კანკავა (45) - სერჯანტი (50), ოლივერო (61), რ. ჩიპოლინა (75).

კარისკენ დარტყმები: 12 (7) - 1 (0) ბურთის ფლობა: 73%-27% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]