weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო დანიასთან განადგურდა

10:21 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა. „ჯვაროსნები“ კოპენჰაგენში შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, რიგ ეპიზოდებში მსაჯის საკამათო მოქმედებებიც ჩანდა, თუმცა ეს ნაკრების სუსტ თამაშს ვერაფრით ამართლებს.

დანიამ საქართველო ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მეტწილად - სტანდარტული სიტუაციებში და მეორე სართულზე. ბურთს მასპინძელი გუნდი აკონტროლებდა, საქართველოს კი უბურთოდ უწევდა თავდაცვა. პირველი ტაიმში დანიელთა ორივე გოლიც სტანდარტებს მოჰყვა. მე-13 წუთზე ქრისტიან ერიკსენის კუთხურის შემდეგ ქართველი მცველები მეორე სართულზე მეტოქეებს ვერ გაუმკლავდნენ, შედეგად კასპერ დოლბერგმა ოთარ კაკაბაძეს დაასწრო და ანგარიში გახსნა, გიორგი ლორია უძლური იყო. დანიელები აგრძელებდნენ ბურთის კონტროლს და თამაშიც ჩვენს ნახევარზე მიდიოდა, თუმცა 25-ე წუთზე კონტრშეტევა ვაკო გვილიამ დიდებულად წარმართა და მეკარესთან პირისპირ საბა ლობჟანიძე დატოვა, რომელმაც კასპერ შმაიხელს აჯობა და ანგარიშიც იდეალური შესრულებით გათანაბრდა. „ჯვაროსნების“ სიხარული ხანმოკლე გამოდგა: რამდენიმე წუთში ჯაბა კანკავამ საჯარიმოში სიმონ კიაერი წააქცია (ისევ სტანდარტული სიტუაციისას) და ავსტრიელმა არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტის არდანიშვნაც შეიძლებოდა, მაგრამ „ტოტენჰემელმა“ ერიკსენმა დაბალი დარტყმით გაიტანა - ლორია ბურთს შეეხო და ახლოს იყო გმირობასთან, მაგრამ არ გაუმართლა და დანია კვლავ წინ გავიდა.

მეორე ნახევარში ანალოგიური სურათი გაგრძელდა. დანია ბევრს უტევდა, საქართველო კი თავს იცავდა. „აიაქსელმა“ დოლბერგმა დუბლი შეასრულა, რა დროსაც წესების დარღვევაზეც შეიძლებოდა საუბარი. ზუსტად 10 წუთში ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახდა, ამჯერად „ლაიპციგელმა“ იუსუფ პოულსენმა აიღო საქართველოს კარი, რომელმაც დოლბერგის დარტყმულზე ლორიას მოგერიებულ ბურთს დაამატა. ამის შემდეგ დანიელებს კიდევ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ და მოედანზე რაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. მორიგი გოლის შემდეგ ხან არაზუსტად დაარტყეს,  ხან ძელმა იხსნა საქართველოს ნაკრები და ხანაც - ლორიამ. მესამე კომპენსირებულ წუთზე კი ყველაფერი შეცვლაზე შესულმა მარტინ ბრეითვეიტის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 5:1.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 განვლილი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, თბილისში, სწორედ დანიის ნაკრებთან ჩაატარებს.

დანია - საქართველო 5:1

კოპენჰაგენი, „ტელია პარკენი“

დანია (4-3-1-2): კ. შმაიხელი; ანკერსენი, კიაერი (მ. იორგენსენი 36), ა. ქრისტენსენი, ი. ლარსენი; ჰოიბიერგი, ერიკსენი, დელანი; სკოვი (ვასი 62); დოლბერგი, ი. პოულსენი (ბრეითვეიტი 75).

მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე

საქართველო (4-5-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (ლ. დვალი 79); ლობჟანიძე, კანკავა, კვეკვესკირი, პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კიტეიშვილი (ლობჯანიძე 76); გვილია.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 დოლბერგი (13) 1:1 ლობჟანიძე (25) 2:1 ერიკსენი (30 პ.) 3:1 დოლბერგი (63) 4:1 ი. პოულსენი (73) 5:1 ბრეითვეიტი (90+3).

გაფრთხილება: კანკავა (29), კვეკვესკირი (51), გვილია (54), პაპუნაშვილი (64).

ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:3 

მსაჯი: რობერტ შორგენჰოფერი (ავსტრია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]