weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველო XV-მა საგრაფოებთან რევანში აიღო

10:49 ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019

რაგბიში საქართველო XV-მა სერიის მეორე მატჩში ინგლისის საგრაფოების ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით 24:23 სძლია და 4 დღის წინ განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

სტადიონ „ავჭალაზე“ გამართულ მატჩში გუნდს აშკარად ეტყობოდა, რომ ერთად გატარებული კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, უკეთ იყო შეთამაშებული. საქართველო XV-ის თითოეულმა მორაგბემ მაქსიმუმი გაიღო და სამუშაო დღის მიუხედავად სტადიონზე მრავლად მისული გულშემატკივარი დასკვნით წუთებში მოპოვებული გამარჯვებით გაახარა.

თამაში ინგლისელების შეტევებით დაიწყო და ანგარიში ჯარიმით გახსნეს. საქართველო XV-მა კარგი შეტევით უპასუხა, მარცხენა ფრთაზე უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის ლელოდან 5 მეტრში შერკინების უფლება მიიღო. იქიდან ვანო ფუტკარაძემ შეუტია და ბურთი ბექა ურჯუკაშვილს გაატანა, რომელსაც მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდა, ახლოში რამდენიმე დარტყმის შემდეგ კი ფუტკარაძემ მბოჭავი აირიდა და თავისი დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვა გააფუჭა, თუმცა ტაიმის შუაში საშუალო დისტანციიდან ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა ჯარიმით მალევე გვიპასუხეს, 29-ე წუთზე კი შეტევაში, მეტოქის 22-ში დავკარგეთ ბურთი და სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ. პირველი მიძალება ჩვენივე 22-ში შევაჩერეთ, მაგრამ მეორე ეშელონმა ხაზი გაჭრა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, სულ ბოლოს ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მაგრამ მეტოქემ თავი დაიცვა და ტაიმი 11:16 დასრულდა.

მოძღვრიშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე მეორე ტაიმის დასაწყისში დაიყვანა, მაგრამ მალევე მოლში ზედიზედ ორჯერ დავჯარიმდით და გურამ შენგელია სინბინით დაისაჯა. ინგლისელებმა რიცხობრივი უპირატესობა 57-ე წუთზე გამოიყენეს, თავისი ნახევრიდან დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულეს, გარდასახეს და 23:14 დაწინაურდნენ. საქართველო XV შეტევაში გადავიდა, მალე ჯარიმის უფლება მოიპოვა და 63-ე წუთზე მამუკა ნინიძემ საშუალო მანძილიდან ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა 74-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევა წამოიწყეს და ლელოსაც უწიეს, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. 5-მეტრიან შერკინებაში უპირატესობის მოპოვების შემდეგ, სტუმრებმა ბურთს ფეხი წაკრეს, ის მათსავე ლელოში შეგორდა და ხვიჩა ბუჯიაშვილმა დაამიწა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო და საქართველო XV 24:23 დაწინაურდა. ინგლისის საგრაფოებმა დარჩენილი წუთები შეტევებში გაატარა, მაგრამ მასპინძლებმა თავის უჯარიმოდ დაცვა მოახერხეს, თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს და ქუთაისში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს.

 

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]