ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „რეალმა“ უკანასკნელი სეზონი პირწმინდად ჩააგდო და ამ საუკუნეში მისთვის ყველაზე ცუდი სეზონი ჩაატარა. ბუნებრივია, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ამბიციური ფლორენტინო პერესი ზაფხულში ჯიბეზე ხელს გაიკრავდა და გუნდის ჩვეულ სიმაღლეზე დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.
პერესმა საწყისი ნაბიჯი ჯერ კიდევ მარტში გადადგა, როდესაც ერთ სეზონში მესამე მწვრთნელი დანიშნა და ხულენ ლოპეტეგისა და სანტიაგო სოლარის შემდეგ ლეგენდად ქცეული, ზედიზედ სამი ტრიუმფის შემოქმედი ზინედინ ზიდანი დააბრუნა.
ზიზუმაც და პერესმაც კარგად იცოდნენ, რომ მადრიდულ გრანდს ახალი სისხლი ესაჭიროებოდა და ტრანფერების კასკადიც დაიწყო: სხვა დიდ გუნდებს თუ არავინ შეუძენიათ, „რეალმა“ უკვე 5 სერიოზული ტრანსფერი გაჩარხა.
როდრიგო „სანტოსიდან“ – 45 მილიონი ევრო: ეს არის ტრანსფერი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან შეთანხმდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, 18 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში დარჩა. ახლა კი ნიჭიერ მოთამაშეს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოუწევს გაცემული ავანსების დამტკიცება.
ედერ მილიტაო „პორტოდან“ – 50 მილიონი ევრო: ზიდანის დაბრუნების შემდეგ სწორედ ბრაზილიელი მცველი იყო პირველი ტრანსფერი, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულამდე დადასტურდა.
ლუკა იოვიჩი ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ – 60 მილიონი ევრო: ნიჭიერი სერბი „სამეფო კლუბის“ (ისევე როგორც სხვა გრანდების) სამიზნე დიდი ხნის განმავლობაში იყო. იოვიჩიც სწორედ „რეალში“ თამაშზე ოცნებობდა და საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა.
ედენ აზარი „ჩელსიდან“ – 100 მილიონი ევრო: ზაფხულის მთავარი შენაძენი ბელგიელი ვარსკვლავი გახლავთ, რომელიც გუნდში სწორედ ზიდანმა მოითხოვა. ფეხბურთელმა, რომელზეც სავარაუდოდ გუნდის ტაქტიკა აეწყობა, „სამეფო კლუბთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფერლან მენდი ლიონის „ოლიმპიკიდან“ – 48 მილიონი ევრო: მენდი „ბლანკოსის“ ბოლო შენაძენია. ეს ტრანსფერი ოფიციალურად ახალხანს დადასტურდა და მადრიდელებმა 24 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ 48 მილიონი გაიღეს.
ცხადია, ეს ყველაფერი არაა და „რეალი“ სექტემბრამდე კიდევ არაერთ ტრანსფერს განახორციელებს. გუნდის ინტერესის სფეროში ხომ კილიან მბაპე, ქრისტიან ერიკსენი, პოლ პოგბა და სხვა ფეხბურთელებიც არიან.