აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ევროპის ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს აქტიური სუმოს ფედერაცია. ბათუმში გამართული ტურნირი ხელს შეუწყობს იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და იგი მნიშვნელოვნად წაახალისებს სუმოს საქართველოში.
საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია არამარტო პირველი ქართველი, არამედ პირველი ევროპელი სუმოტორია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მისი საბრძოლო სახელი კოკკაი იყო, რაც ითარგმნება, როგორც „შავი ზღვა“, სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში.