სოფიო სომხიშვილმა ჯერ ფრანგი კრისტალ გარსია ვაზარით დაამარცხა, მეორე წრეში იპონით მოუგო გერმანელ ლეა შტაინს, ნახევარფინალში ასევე იპონით აჯობა ჰოლანდიის წარმომადგენელ მარიტ კამპსს, ფინალში კი 2 წუთსა და 28 წამში ლიტველი იასტინა მიალაუსკაიტე დაამარცხა. სომხიშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტულს ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალი დაუმატა.
მიხეილ ბექაურმაც დამაჯერებლად მოიპოვა პირველი ადგილი და ოქროს მედალი. საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიტველ და კოსოვოელ მეტოქეებს აჯობა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ადილ ქარიმლის 2 ვაზარით მოუგო, ფინალურ შეხვედრაში სლოვაკი დენის ტურაკი 15 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველოს დელეგაციას მეშვიდე მედალი შემატა ლევან ჭელიძემ. მას ხელი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, უნგრელ რიჩარდ შიპოზთან მოეცარა, დანარჩენი ბრძოლები კი დიდი უპირატესობით მოიგო, მათ შორის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა სლოვაკ ტიმ კელცთან.
4 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი - ასეთი ტრიუმფალური შედეგით დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი. მთელი ქართული დელეგაციის საფესტივალო მონაგარი ძიუდოსტებზე მოდის. სწორედ მათი ბრწყინვალე გამოსვლის შედეგია, რომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-8 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უკარაინა, პოლონეთი და სხვა.