weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მხოლოდ ღმერთის წინაშე ვარ პასუხისმგებელი – მოსკოვის „ცსკა“-ში გადასული თორნიკე შენგელია

15:10 შაბათი, 11 ივლისი 2020

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ში (რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შენგელიას თქმით, განცხადების მიზანი თავის მართლება არ არის, „რადგან რთულია რაიმეს ახსნა, როდესაც არაფრის მოსმენა სურთ და აზრის შეცვლას არც კი განიხილავენ“.

„ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენს ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე, სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პატივს სცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს იმიტომ, რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება. ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერცერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის, თუ ვინ ვარ მე“,
წერს ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

28 წლის თორნიკე შენგელია ესპანურ „ბასკონიას“ დაემშვიდობა და მოსკოვის „ცსკა“-სთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ევროლიგის ოთხგზის ჩემპიონმა „ცსკა“-მ შენგელიას სანაცვლოდ „ბასკონიას“ მილიონი ევრო გადაუხადა.

მოსკოვში გადასვლის გამო შენგელია საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ეროვნული კაპიტნის ეს გადაწყვეტილება მისთვის სამწუხაროა და მიუღებელია.

თორნიკე შენგელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მოსკოვის გუნდში წარმატება უსურვა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]