პეტერ ბოსის გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხეს. დორტმუნდელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - ხავი მარტინესის შეცდომის შედეგად, ხორვატი წარმოშობის ამერიკელი ქრისტიან პულიშიჩი მე-12 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და კარის აღება არ გასჭირვებია. მალევე რობერტ ლევანდოვსკიმ დაამწუხრა ყოფილი კლუბის ქომაგები და ანგარიში გაათანაბრა, რითაც გუნდები შესვენებაზე საყაიმო შედეგით გაიყვანა.
71-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ეფექტური დარტყმით დორტმუნდელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. მატჩის მიწურულს კი „რეკორდმაისტერმა“ ზეწოლა გააძლიერა და მიზანსაც მიაღწია - საჯარიმოში შექმნილი არეულობისას მეკარე რომან ბიურკიმ ბურთი თავის კარში შეაგორა.
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც შედარებით ზუსტი „ბაიერნი“ აღმოჩნდა და ახალი სეზონი ტიტულით დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიის სუპერ თასის მოგებამდე მცირედი დააკლდა გურამ კაშიას. ქართველი მცველის კაპიტნობით არნემის „ვიტესი“ ჩემპიონ „ფეიენოორდს“ როტერდამში გაუძალიანდა და ტიტული მხოლოდ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაუთმო (2:4). გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.