ორივე გუნდი მიმდინარე სეზონს სწორედ დღევანდელი მატჩით გახსნის და ეცდებიან სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაიწყონ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მათ შორის ამხანაგური მატჩი შეერთებულ შტატებში შედგა, რომელიც მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში ინგლისურმა კლუბმა მოიგო. წინა ოფიციალური დაპირისპირება კი 2013 წლის თებერვალ-მარტით თარიღდება: ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ სტუმრებმა მოიგეს 2:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საგულისხმოა, რომ მაშინ „რეალს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, რომელიც დღეს მანჩესტერულ გრანდში მუშაობს.
საერთო ჯამში ოფიციალურ დონეზე „რეალი“ მეტოქეს სჯობს: 10 თამაშიდან 4 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება. ბურთების ბალანსიც მადრიდელთა მხარეზეა - 20:16.
„რეალი“ ევროპის სუპერ თასის მოგებას მეოთხედ შეეცდება. აქამდე „სამეფო კლუბმა“ ორჯერ „სევილიას“ აჯობა ამ ტიტულისთვის, ხოლო პირველი გამარჯვება 2002 წელს „ფეიენოორდთან“ მოიპოვა. მანამდე, 1998 და 2000 წლებში კი „ჩელსისთან“ და „გალათასარაისთან“ დამარცხდა. ისიც აღსანიშნავია, რომ „რეალზე“ მეტჯერ UEFA-ს სუპერ თასი არცერთ გუნდს არ მოუგია. თავის მხრივ, „იუნაიტედს“ აქ უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 გამარჯვება და 2 მარცხი სატიტულო შეხვედრაში. ერთადერთი მოგება 1991 წლით თარიღდება „ცრვენა ზვეზდასთან“, ხოლო 1999 და 2008 წლებში ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა ინგლისურმა კლუბმა რომის „ლაციოსთან“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ წააგო.
დღევანდელ მატჩს მადრიდის „რეალი“ ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება - ზინედინ ზიდანის განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფეხბურთელია, მათ შორის, კრისტიანო რონალდო, რომელმაც ვარჯიში დაიწყო. თავის მხრივ, „იუნაიტედს“ დისკვალიფიკაციის გამო ერიკ ბაილი და ფილ ჯონსი ვერ დაეხმარებიანს, ხოლო ტრავმები აწუხებთ მარკოს როხოს, ლიუკ შოუსა და ეშლი იანგს.
სავარაუდო შემადგენლობები:
სკოპიე, ფილიპე II-ის სახელობის სტადიონი
რეალი (4-3-3): კ. ნავასი; კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო, ბენზემა, ბეილი.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა; ა. ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი; ა. ერერა, მატიჩი, პოგბა; რეშფორდი, ლუკაკუ, მხითარიანი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)