პირველ ტაიმში მადრიდელები უკეთ გამოიყურებოდნენ და შესაბამისად, 24-ე წუთზე დანი კარვახალის დიდებული პასი კაზემირომ შეირგო და ანგარიშიც გაიხსნა. თუმცა, გამეორებაზე გამოჩნდა, ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვინაიდან UEFA-ს ტურნირებში ჯერ-ჯერობით ვიდეორეფერის არ იყენებენ, გოლი ჩაითვალა.
მეორე ტაიმიც ანალოგიურად დაიწყო. „რეალი“ უტევდა, „იუნაიტედი” კი გააზრებულ ფეხბურთს ვერ თამაშობდა. სულ მალე ისკომ და გარეთ ბეილმა მარტივი, მაგრამ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და ესპანელმა ახლო მანძილიდან სხვაობა გაზარდა – 2:0. თითქოს თამაშის ბედიც გადაწყდა, მაგრამ ზიდანის შეგირდები შეტევას აძლიერებდნენ და მესამეს გატანაც შეეძლოთ –ბეილმა ახლო მანძილიდან ხარიხას გაარტყა. საპირისპიროდ ჟოზე მოურინიოს გუნდს არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ 62-ე წუთზე “მანჩესტერი” თამაშში დაბრუნდა: ნემანია მატიჩის შორეული გასროლა კეილორ ნავასმა ცუდად მოიგერია, ხოლო ცარიელ კარში რომელუ ლუკაკუმ შეაგდო. სხვათა შორის, მანამდე, ბელგიელმა მსგავს სიტუაციაში ვერ ივარგა და ცარიელ კარს ააცილა. “წითელ ეშმაკებს” 30 წუთი ჰქონდათ მეორე გოლის გასატანად და ცდა არ დაუკლიათ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანეს. გოლთან ყველაზე ახლოს მარკუს რეშფორდი გახლდათ, მაგრამ ნორჩმა ინგლისელმა პირისპირ მეკარეს ვერ აჯობა. შეიძება ითქვას ამ ეპიზოდმა "მანჩესტერი" საბოლოოდ გატეხა, რადგან დარჩენილ 10 წუთში საგოლე მომენტი ვეღარ შექმნა. იტალიელი არბიტრის ჯანლუკა როკის დამატებულმა შვიდმა წუთმა კი ბურთის აქეთ-იქით გორაობაში განვლო და საბოლოოდ, გამარჯვება „რეალს“ დარჩა - 2:1.
მადრიდის „რეალი“ გახდა მესამე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ევროპის სუპერ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. მანამდე იგივე 1972 და 1973 წლებში „აიაქსმა“, ხოლო 1989 და 1990 წლებში „მილანმა“ მოახერხა. თავის მხრივ, ზინედინ ზიდანი არიგო საკის შემდეგ მეორე მწვრთნელია, ვინც ორჯერ მოიგო ეს ტიტული.
რეალი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
სკოპიე, ფილიპე II-ის სახელობის სტადიონი, დასწრება: 30 000
რეალი (4-3-3): კ. ნავასი; კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ისკო (ლ. ვასკესი 74), ბენზემა (კ. რონალდო 83), ბეილი (მ. ასენსიო 74).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მანჩესტერ იუნაიტედი (3-5-1-1): დე ხეა; ლინდელიოფი, სმოლინგი, დარმიანი; ა. ვალენსია, ა. ერერა (ფელაინი 56), მატიჩი, პოგბა, ლინგარდი (რეშფორდი 46); მხითარიანი; ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: 1:0 კაზემირო (24), 2:0 ისკო (52), 2:1 ლუკაკუ (62)
გაფრთხილება: კარვახალი (84), რამოსი (86) - ლინგარდი (42), რეშფორდი (90)
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)