weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

4 თვის ხელფასი არ მოუციათ, ორ ფეხბურთელს ბუცები არ ჰქონდა – ლანჩხუთის ქალთა გუნდი

16:04 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

„ჰიგიენის რაღაცები არ გვქონდა ბავშვებს, რომ აქ წამოვსულიყავით. ორ ფეხბურთელს ბუცები არ ჰქონდა - ერთმა იყიდა, ერთს არ ჰქონდა და დახეული ბუცებით თამაშობდა“, – ამბობენ ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ოთხი თვის ხელფასი აქვთ არ ჩარიცხვიათ, კლუბის წარმომადგენლებს კი სესხის აღება მოუწიათ იმისთვის, რომ ფეხბურთელები რუმინეთში გასამგზავრებლად მომზადებულიყვნენ.

„აუცილებლად ბარსელონას თუ არ მოვუგეთ, ისე არ გვაძლევთ ხომ ხელფასებს?“, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ 10 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

„ლანჩხუთი“ 2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ 2020 წელს „ლანჩხუთი“ ბიუჯეტიდან 135 000 ლარით დაფინანსდა. მისივე თქმით, აუღებელი ხელფასების შესახებ იციან და მერია ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

„კლუბის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, რომ რაციონალურად იყოს გამოყენებული თითოეული თეთრი, რომელსაც სახელმწიფო აძლევს. ხელფასებიც უნდა ყოფილიყო გათვლილი. თანხა მიწოდებული გვაქვს კლუბისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს პრობლემა ცნობილია და ჩვენ, მერია, ალბათ, დამატებით კიდევ ვიზრუნებთ იმისთვის, რომ ეს წარმატებული გოგონები არ დარჩნენ ხელფასის გარეშე. საერთოდ, ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბის დაფინანსება, გოგონათა კლუბებს შორის, ყველაზე მაღლია მთელ საქართველოში“, – უთხრა „რეგინფოს“ ია ჩხაიძემ.

ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდმა გუშინ, 19 ნოემბერს, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის „ოლიმპია კლუჟი“ სტუმრად, ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის პირველი მატჩები დეკემბერშია დაგეგმილი. მასში მონაწილეობას ევროპის საუკეთესო 32 გუნდი მიიღებს.

„ლანჩხუთის“ მომავალი მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილ 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრაზე გაირკვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]