weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

18:09 ოთხშაბათი, 10 მარტი 2021

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, ოთხი წლის ვადით იოსებ (სოსო) ტყემალაძე აირჩიეს. კავშირის ყრილობა დღეს მორაგბეებისა და ვეტერანი სპორტსმენების აქციისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, ტყემალაძემ დროებითი გამგეობის 14-წევრიანი შემადგენლობა დაასახელა.

„ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე, რათა დავიწყოთ იმ გეგმების განხორციელება, რომლებზეც უკვე ვილაპარაკე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის.

კონსტრუქციულ ფორმებში ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. პროცედურულად 5-6 დღე არის საჭირო, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია გავიაროთ. მინდა ხარისხიანი ადამიანები იყვნენ გამგეობაში, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი საყვარელი სპორტი“, – განაცხადა ტყემალაძემ.

არჩევნებს „არალეგიტიმურს“ უწოდებენ და პროტესტს უცხადებენ ირაკლი აბუსერიძის მომხრეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ იოსებ ტყემალაძე ამ თანამდებობაზე ხელისუფლების ჩარევით აირჩიეს. მორაგბე სიმონ მაისურაძის განცხადებით, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ.

„ფაქტობრივად, მთელი მთავრობა ეხმარება ამ ადამიანს. ის შემოვიდა ისეთი ხალხის მხრიდან, რომლებზეც დიდი კითხვები იყო ფულის არასწორად ხარჯვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათ ხელს დააფარებს და ალბათ, გააგრძელებენ იმ პოლიტიკას. ამართლებს ბატონი იოსები თავის სახელს და რომ იძახდა, მშვიდობით მოვდივარო, ტყუილია. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. რაგბში სამი ტაიმია, ეს პირველი ტაიმი იყო. არ ვფიქრობ, რომ ომი წავაგეთ, ბრძოლა წავაგეთ და ომი გრძელდება. ამ უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა სიმონ მაისურაძემ „მთავარ არხთან“.

კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძეს, მან 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრა იმ საბაბით, რომ კავშირის წესდება იყო დარღვეული.

2016 წლის იანვარში რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2020 წლის იანვარში ამოეწურა. რაგბის კავშირმა ახალი პრეზიდენტის არჩევა ვერ მოახერხა, რის გამოც ვანიძე პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებდა. მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]