წინა მატჩის მსგავსად საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა სუსტად დაიწყო და სერბებმა ათქულიანი უპირატესობის მოპოვება მოახერხეს, თუმცა ბოლოსკენ ქართველებმა თამაში გამოასწორეს, სხვაობა შეამცირეს და პირველი პერიოდი სერბების გამარჯვებით 15:20 დასრულდა. მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო მოუმატა, მეტოქეს აჯობა და ხუთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა. ტაიმი ფრედ 36:36 დასრულდა.
მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. სერბებმა უკეთ დაიწყეს, მესამე პერიოდი ხუთი ქულითაც მოიგეს, თუმცა შეხვედრა თანაბარი იყო და ყველაფერი ბოლო პერიოდს უნდა გადაეწყვიტა, სადაც საქართველოს ნაკრები უკეთესი აღმოჩნდა და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა: მატჩის დასრულებამდე 36 წამით ადრე ზუსტი 3-ქულიანი დუდა სანაძემ ტყორცნა და საქართველო 3 ქულით გავიდა წინ. დარჩენილ დროში სერბებმა ორი სასროლი ჯარიმა მოიპოვეს, რომლიდანაც მხოლოდ 1 აღმოჩნდა ზუსტი, თუმცა ქართველ გულშემატკივარს ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან ბურთი შეტევაში დაიკარგა, მაგრამ ქართველებმა მეტოქის უკანასკნელი შეტევისას თავი კარგად დაიცვეს და ვლადიმერ ლულიჩის 3-ქულიანი ნასროლი ზუსტი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და გუნდს 21 ქულა, 14 მოხსნა და 3 გადაცემა შესძინა. დუდა სანაძემ 10 ქულა ჩააგდო და 2 მოხსნა მიითვალა, გიორგი ცინცაძე 9 ქულით, 1 მოხსნით და 5 გადაცემით გამოირჩა, ხოლო გიორგი შერმადინმა 8 ქულას, 4 მოხსნას და 1 გადაცემას მოუყარა თავი.
მართალია, აკროპოლისის თასი ამხანაგური ტურნირია, თუმცა ეს ოდნავაც არ აკნინებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი ევროპული გრანდის დამარცხება მოახერხა და აღნიშნული ტურნირი მოიგო, რადგან მეტოქეებისთის მიუწვდომელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩებში გუნდის კაპიტან ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია და ამის ფონზე, გამარჯვება კიდევ უფრო სასიხარულო და დასაფასებელია. ამ ორმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე სერიოზული მიზნები ექნება და ყველასთან ბოლომდე იბრძოლებს.