„თავიდან გვითხრეს, რომ ვიდეორეფერი მხოლოდ თამაშგარეებისა და გოლის დროს იქნებოდა გამოყენებული, მაგრამ ახლა საჯარიმოში თითქმის ყველა შეჯახებაზე ხდება მისი ჩარევა. ეს არ არის ფეხბურთი, ეს უკვე წყალბურთია. გარდა ამისა, ვიდერეფერის გამოყენება ბევრ დროს მოითხოვს. როდესაც, პენალტი ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნა, კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან ეპიზოდის განხილვას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდა. „იუვენტუსი“ შემტევი გუნდია და შესაბამისად, მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტ დროს ატარებს. გასულ სეზონში „იუვემ“ მხოლოდ 3 თერთმეტრიანი დაარტყა, მაგრამ ახლა ვიდეორეფერის ეპოქაში შესაძლოა სეზონში 55 პენალტი შევასრულოთ. რა თქმა უნდა, არის იმის შანსი, რომ ჩვენს კარში 15 თერთმეტრიანი დაინიშნოს, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ამით კმაყოფილი არ ვარ – ეს ფეხბურთს ხიბლს უკარგავს. გამოსავალი კი იმაში იქნება თუ ვიდეორეფერი მხოლოდ სადაო გოლებისა და თამაშგარეების დროს იქნება გამოყენებული”, - განუცხადა იტალიურ მედიას მსოფლიო ჩემპიონმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს სიახლე ვიდეორეფერი იტალიის ჩემპიონატ სერია A-ში მიმდინარე სეზონიდან დაინერგა. პირველ ორ ტურში მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსის“ კარში სწორედ ამ საშუალების გამოყენებით ორი პენალტი დაინიშნა, თუმცა ერთი შეცდომით („ჯენოასთან“ შეხვედრაში გენუელი ფეხბურთელი თამაშგარეში იყო, მაგრამ ვიდეორეფერიმ ეს ვერ შეამჩნია). ერთი პენალტი კი იმავე ტექნოლოგიის გამოყენებით თავის მხრივ ტურინელებმაც შეასრულეს.