„ღმერთს მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და მესამე ოლიმპიური მედალი მოვიპოვე. რაც შეეხება ფინალს, გულდასაწყვეტია, ძალიან ახლოს ვიყავი ჩემპიონობასთან, მაგრამ ეს სპორტია. დღეს ვიყავი ძალიან მოტივირებული ბრძოლისთვის. ვულოცავ ამ წარმატებას სრულიად საქართველოს, გულშემატკივარს, ოჯახს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში. მადლობა ყველას!“, – განაცხადა შავდათუაშვილმა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე შეაქო.
„რა თქმა უნდა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ონო საუკეთესო ძიუდოისტია. ის ძალიან ძლიერია და არასდროს უშვებს შეცდომას. ბოლოსდაბოლოს, ეს ძიუდოა და ჩვენ თანასწორები ვართ, თითოეულს გვაქვს ორი ხელი და ორი ფეხი და თანაბარი შესაძლებლობები“, – აღნიშნა შავდათუაშვილმა.
29 წლის ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე აიღო მედალი: ის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, 2016 წელს, რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს კი ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა.