ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება Facebook-ში გამოაქვეყნა:
„მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა. დღემდე იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით.
მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა.
ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი, ვიცი, თქვენი გახარება… მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ იმედია ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას“.
ვარლამ ლიპარტელიანმა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ევროპის სამგზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), ოთხგზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორია, ასევე არის მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებში.