weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორ ქართველ ძიუდოისტს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს

12:42 კვირა, 01 აგვისტო 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ორ ქართველ ძიუდოისტს, რომელთაც ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს. ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მასანორი ტაკაიამ განაცხადა, რომ ქართველებმა დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ. ქალაქში, ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

BBC-ის ინფორმაციით, გუშინ, შაბათს გამართულ ბრიფინგზე მასანორი ტაკაიამ ძიუდოისტების სახელები არ დაასახელა.

„აკრედიტაცია ჩამოვართვით, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად სპორტსმენების სოფლიდან გასვლა არის ის, რაც არ უნდა მოხდეს“, – თქვა ტაკაიამ.

BBC-ის თანახმად, მანამდე იაპონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ქართველი სპორტსმენი ქალაქში ფოტოების გადაღების დროს დააფიქსირეს.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ორი ძიუდოისტი ოლიმპიურ სოფელში აღარ დაიშვებოდა. მათ იაპონია უკვე დატოვეს. წესების თანახმად, სპორტსმენებმა ქვეყანა ასპარეზობიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

როგორც BBC წერს, ქართველმა ოფიციალურმა პირმა „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ვერცხლის მედალოსნები ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი ბანაკიდან იაპონიაში მცხოვრებ კარგ ნაცნობთან შეხვედრის მიზნით გავიდნენ: „ისინი არავის გაუჩერებია გასასვლელში, რის გამოც, ეგონათ, რომ გარეთ გასვლა შეეძლოთ. მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე ყოფილიყვნენ, დაესვენათ მძიმე შეჯიბრისა და ლოქდაუნის შემდეგ“.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია: ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ლაშა ბექაურია (90 კგ), ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) აიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]