weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს მის შესახებ მცდარი ინფორმაციის გაჟღერებისთვის უჩივის

10:32 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ნონა გაფრინდაშვილი 1964 წელს, ლონდონში ფოტოზე - ნონა გაფრინდაშვილი 1964 წელს, ლონდონში

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის პოპულარულ სერიალ The Queen’s Gambit-ის (ლაზიერის გამბიტი) ფინალურ ეპიზოდში მასთან დაკავშირებით გაჟღერებული მცადრი ინფორმაციის გამო.

ფინალურ ეპიზოდში გამოგონილი პერსონაჟი - ბავშვთა სახლში გაზრდილი ჰარმონი, რომელსაც მსახიობი ანია ტეილორ-ჯოი ასახიერებს, 1960-იან წლებში, მოსკოვში, უმნიშვნელოვანეს ტურნირში მონაწილეობს და მამაკაც მოჭადრაკეს ხვდება. ამ დროს მის შესახებ კომენტატორი ამბობს:

„მასთან დაკავშირებით ერთადერთი უჩვეულო რამ მისი სქესია, თუმცა ესეც კი არ არის უცნაური რუსეთში. აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, მაგრამ ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი და არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს“.

The New York Times-ის ინფორმაციით, 25-გვერდიან სარჩელში აღნიშნულია, რომ, რეალურად, ნონა გაფრინდაშვილს ნათამაშები ჰქონდა ბევრი მაღალკვალიფიციური მამაკაცი ჩემპიონის წინააღმდეგ თავისი კარიერის განმავლობაში, მათ შორის, სერიალში აღწერილ პერიოდამდეც.

„ის, რომ ქალი მოჭადრაკეები მიღებული არიან საჭადრაკო საზოგადოებაში და ხდებიან დიდოსტატები უკვე არის ჩემი მემკვიდრეობის ნაწილი. ეს არის მისი დიდი ნაწილი. ეს არის ბრძოლა, რომელიც მე დავიწყე და ბრძოლა, რომელსაც მე ვაგრძელებ“, – ციტირებს The New York Times-ი ნონა გაფრინდაშვილს.

ლოს ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, სიტყვებმა „ის არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს“ პროფესიული ზიანი მიაყენა გაფრინდაშვილს, რომელიც აგრძელებს ჭადრაკის ტურნირებში ასპარეზობას.

ასევე აღნიშნულია, რომ „ლაზიერის გამბიტი“, გამოსვლიდან ერთ თვეში, 62 მილიონზე მეტ ოჯახში ნახეს და რომ სერიალში გაჟღერებული დამანგრეველი სიცრუე ძირს უთხრის და ამცირებს გაფრინდაშვილის მიღწევებს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ Netflix-მა „გაბედულად და მიზანმიმართულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფი და ცინიკური მიზნით - დრამის გასაძლიერებლად, რათა ეჩვენებინა, რომ თითქოს გამოგონილმა გმირმა მოახერხა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებიათ“.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ისტორიაში, რომელსაც უნდა შთაეგონებინა ქალები იმ ახალგაზრდა ქალის ჩვენებით, რომელიც მსოფლიო ჭადრაკის უმაღლეს დონეებზე მამაკაცებს ეჯიბრება, Netflix-მა დააკნინა რეალური ქალი, რომელიც იმავე ეპოქაში, მსოფლიო სცენაზე რეალურად ხვდებოდა და ამარცხებდა მათ.

ქართველი მოჭადრაკე მიყენებული ზარალის სანაცვლოდ მილიონობით დოლარს ითხოვს, ასევე მოუწოდებს Netflix-ს, მოხსნას სადაო ფრაზა. Netflix-მა განაცხადა, რომ ნონა გაფრინდაშვილს დიდ პატივს სცემს, მაგრამ სჯერა, რომ მისი საჩივარი უსაფუძვლოა და სასამართლოში საქმეს დაიცავს.

სერიალი „ლაზიერის გამბიტი“ უოლტერ ტევისის 1983 წლის რომანის მიხედვით არის გადაღებული. სარჩელში აღნიშნულია, რომ სერიალში გამოყენებული ფრაზა, თითქოს ნონა გაფრინდაშვილი არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს, შეცვლილია და არ შეესაბამება წიგნში არსებულ ციტატას, რომლის მიხედვითაც, „აქ იყო ნონა გაფრინდაშვილი, მოთამაშე, რომელიც არა ამ ტურნირის დონეზე, მაგრამ მანამდე ბევრჯერ შეხვედრია ყველა ამ რუს დიდოსტატს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]