პრაღაში გამართული ჩეხეთი-გერმანიის მატჩი ბევრ რამეს წყვეტდა. C ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში მასპინძლებს პირველადგილოსანი გერმანიის დამარცხება სჭირდებოდათ, რათა მეორეადგილოსან ჩრდილო ირლანდიის ნაკრებთან გაემართათ მუნდიალის საგზურის ბრძოლა, თუმცა კარელ იაროლიმის გუნდი პრინციპულ მეტოქესთან დამარცხდა და ქვეჯგუფშიც პრაქტიკულად ყველაფერი გაირკვა. იოახიმ ლიოვის გუნდი პრაღაში სწრაფი გოლით დაწინაურდა - მესუთ იოზილის პასი „ლაიპციგელმა“ ტიმო ვერნერმა მიიღო და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა. გოლის შემდეგ გერმანია სიტუაციას დიდ ხანს აკონტროლებდა, ჩეხეთი კი თავგამოდებით ცდილობდა სხვაობის აღმოფხვრას, თუმცა დიდ ხანს უშედეგოდ, მაგრამ თამაშის მიწურულს ჩეხები ვა-ბანკზე წავიდნენ, მძლავრად შეუტიეს და საწადელს მიაღწიეს: ვლადიმირ დარიდამ უძლიერესი, ულამაზესი და რაც მთავარია, უზუსტესი დარტყმით 78-ე წუთზე გაათანაბრა. თითქოს გუნდები ფრეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ მალევე შეტევაში ჩართულმა „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა „ბუნდესნაკრებს“ ზედიზედ მე-7 გამარჯვება თავურით გაუფორმა, ჩეხები კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. პარალელურად თავისი მატჩი აუღელვებლად მოიგო ჩრდილო ირლანდიამ და მეორე პოზიცია გაიმყარა, ამავე ქვეჯგუფის აუტსაიდერთა დაპირისპირებაში კი ნორვეგიამ ოსლოში აზერბაიჯანს სძლია.
E ჯგუფში პირველი შეხვედრა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა, სადაც მონტენეგრომ სოლიდური სხვაობით დაამარცხა მასპინძლები და ქვეჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა. მთავარი მატჩი კი კოპენჰაგენის „პარკენ სტედიუმზე“ შედგა - მასპინძელი დანიის არასტაბილურმა ნაკრებმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი პოლონეთის გუნდი ყველასათვის მოულოდნელად, სახლში ოთხი უპასუხო გოლით გააბრუნა და ამ გამარჯვებით უაღრესად საჭირო სამი ქულა მიითვალა. ლუკაშ ფაბიანსკის კარში ორი ბურთი პირველ ტაიმში გავიდა, ორი - მეორეში. გოლებით თავი თომას დილეინიმ, ანდრეას კორნელიუსმა, ნიკოლაი იორგენსენმა და ქრისტიან ერიკსენმა გამოიჩინეს. დანიამ მონტენეგროს მსგავსად 16 ქულა დააგროვა, თუმცა იუტლანდიელები ჩერნოგორიელებს ურთიერთშეხვედრისა და ბურთების სხვაობის გამო ჩამორჩებიან. საჭირო გამარჯვება მოიპოვა რუმინეთმაც, რომელმაც ბუქარესტში სომხეთის ნაკრები მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე გატეხა.
F ჯგუფში შედარებით ადრე ლიტვა-შოტლანდიის მატჩი დაიწყო. ვილნიუსში გამართულ მატჩში გამარჯვება ბოლო დროს გამოცოცხლებულ შოტლანდიის ნაკრებს დარჩა - გორდონ სტრახანის გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაუტანა ბალტიისპირელებს და რუსეთში თამაშზე ოცნებას რეალური სახე მისცა. ქვეჯგუფის ლიდერი ინგლისის ნაკრები სტუმრად მალტაზე მართავდა შეხვედრას. ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ 53-ე წუთზე „სამი ლომი“ ჰარი კეინმა დააწინაურა, მეორე გოლი მარცხენა მცველმა რაიან ბერტრანმა 86-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე დენი უელბეკმა და იმავე კეინმა სამშობლოს ნაკრებს დიდი სხვაობით გამარჯვება გაუფორმეს. პრინციპული მატჩი შედგა სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში, სადაც მასპინძელთა ნაკრებმა სლოვენია მიიღო და 81-ე წუთზე გატანილი ადამ ნემეცის გოლით დაამარცხა. სლოვაკეთის ნაკრებმა საჭირო სამი ქულის დამატებით ქვეჯგუფში მეორე ადგილი გაიმყარა.
მატჩების ანგარიშები:
C ჯგუფი:
ჩეხეთი 1:2 გერმანია
სან-მარინო 0:3 ჩრდილოეთ ირლანდია
ნორვეგია 2:0 აზერბაიჯანი
E ჯგუფი
ყაზახეთი 0:3 მონტენეგრო
დანია 4:0 პოლონეთი
რუმინეთი 1:0 სომხეთი
F ჯგუფი
ლიტვა 0:3 შოტლანდია
მალტა 0:4 ინგლისი
სლოვაკეთი 1:0 სლოვენია