weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

14:46 შაბათი, 09 ოქტომბერი 2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მატჩზე მაყურებლის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.

„მაყურებელს ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება. მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი გუშინ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. მთლიანად ჩამოიშალა ერთი სადარბაზო. მას შემდეგ მაშველებმა ნანგრევებში 9 ადამიანი იპოვეს, რომელთაგან 7 უკვე გარდაცვლილი იყო. 2 ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 35 წლის ქალი დღეს, დილით გარდაიცვალა, ხოლო 37 მამაკაცი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა.

8 დაღუპული ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია: დედა, მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მაზლი.

სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ადამიანს ეძებენ მაშველები. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი ადამიანია დარჩენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზაურ ბუდატოვი და მის მიერ სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებული ორი პირი – 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებული გ.ს. დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]