„დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. ორი ირლანდიელი ფეხბურთელი საჰაერო ორთაბრძოლისას ქართველ გოლკიპერ გიორგი მაკარიძეს შეეჯახა, მსაჯს ჯარიმის დაფიქსირება მართებდა, თუმცა დაუცველ კარში გასული გოლი ჩაითვალა. ამის შემდეგ ინიციატივა ვლადიმირ ვაისის გუნდმა იგდო ხელთ და ირლანდიელთა ნახევარზე ცდილობდა იერიშების მოწყობას. ქართველმა ფეხბურთელებმა საწადელს 34-ე წუთზე მიაღწიეს, როდესაც შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია ჯანო ანანიძის საგოლე პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა მეკარე დარენ რედნოლფის ფეხებშუა ბურთის გატარებით დაასრულა - 1:1.
მეორე ნახევარში „ჯვაროსნებმა“ კიდევ უფრო მოუმატეს, ბურთს დიდხანს ფლობდნენ, კარის მიმართულებით დარტყმით საგოლე მომენტებიც შექმნეს, გამარჯვებასაც იმსახურებდნენ, მაგრამ ნავსი არ გატყდა - მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრები კვლავ მოუგებლად ასპარეზობს.
საქართველო - ირლანდია 1:1
საქართველო: მაკარიძე; ო. კაკაბაძე, კაშია (კ), კვერკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი; ჯიღაური (გ. ჭანტურია 75), ანანიძე, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90); ქვილითაია (მერებაშვილი 85).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ირლანდია: რენდოლფი; ქრისტი, შ. დაფი, კ. კლარკი, უორდი; ბრეიდი, უელანი (დ. მერფი 79), არტერი (მაკგიდი 61), მაკკლინი; უოლტერსი, ლონგი.
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი
გოლები: 0:1 შ. დაფი (4) 1:1 ყაზაიშვილი (34).
გაფრთხილება: ჯიღაური, კვეკვესკირი; მაკკლინი.
მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)