weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

11:10 ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის ზონაში მე-8 ტურის მატჩები სამ ქვეჯგუფში გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა და ევროპიდან პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც მუნდიალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

A ჯგუფში კრიზისში მყოფმა ჰოლანდიის ნაკრებმა „ამსტერდამ არენაზე“ ბულგარეთთან პრინციპული მატჩი გამართა. ნიდერლანდელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ებრძოლათ დარჩენილ მატჩებში. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთთან განადგურების შემდეგ, დიკ ადვოკაატმა შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა და თავის გამოჩენის საშუალება ნაკრების ახალწვეულებს მისცა. შეხვედრაში ანგარიში ერთ დროს „ვიტესში“ ყაზაიშვილისა და კაშიას თანაგუნდელმა, ამჟამად კი „ბრაიტონელმა“ დეივი პრიოპერმა სწრაფი გოლით გახსნა. ამის შემდეგ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ჰოლანდიელებს დაულაგებელი თამაში ეტყობოდათ, ბულგარელები კი თამამად უტევდნენ. რამდენიმე მომენტის შექმნისა და ბევრი გაუაზრებელი მოქმედების შემდეგ, მეორე ტაიმში მასპინძლებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რაც 67-ე წუთზე ვეტერანი არიენ რობენის გოლით დასრულდა, თუმცა ნარინჯისფერებმა ორ წუთში ცივი შხაპი მიიღეს - ბულგარელებმა სტანდარტული სიტუაციიდან სხვაობა შეამცირეს და მასპინძლები კვლავ აანერვიულეს, მაგრამ 80-ე წუთზე პრიოპერმა თავით დუბლი შეასრულა და „ამსტერდამ არენაზე“ შეკრებილი ურიცხვი გულშემატკივარი სიხარულისგან გადარია. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა იოლად მოიგო ჯგუფის მეორეადგილოსანმა და ჰოლანდიელთა მთავარმა კონკურენტმა შვედეთის ნაკრებმა, რომელმაც სტუმრად ქალაქ ბორისოვოში იოლად სძლია მასპინძელ ბელარუსს. მოგვიანებით, ამავე ქვეჯგუფშის სენსაცია დაფიქსირდა - ლიდერმა საფრანგეთის ნაკრებმა ტულუზაში ბოლოადგილოსანი ლუქსემბურგის დამარცხება ვერ შეძლო.

A ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ჰოლანდია 3:1 ბულგარეთი

ბელარუსი 0:4 შვედეთი

საფრანგეთი 0:0 ლუქსემბურგი

მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა B ჯგუფში, რადგან კვლავ მოიგო ორივე ლიდერმა გუნდმა. პირველადგილოსანი შვეიცარია ლატვიაში ადვილად გაუსწორდა ბოლოადგილოსან მასპინძლებს და მერვე თამაშში მერვე გამარჯვება მიითვალა, მეორადგილოსანმა პორტუგალიამ კი ბუდაპეშტში „მილანელი“ ანდრე სილვას გოლით შეძლო კაცნაკლული უნგრელების დამარცხება. ქვეჯგუფიდან სწორედ ეს ორი გუნდია უკვე გასული, დარჩენილ ორ ტურში კი გასარკვევი მათ შორის მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი იქნება. აღსანიშნავია ამავე ქვეჯგუფის მესამე მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრების მორიგი გამარჯვება - მოკრძალებულმა გუნდმა შინ ანდორა დაამარცხა და 8 ქულას მოუყარა თავი, რაც ამ ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა.

B ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ლატვია 0:4 შვეიცარია

უნგრეთი 0:1 პორტუგალია

ფარერის კუნძულები 1:0 ანდორა

H ჯგუფის პირველ შეხვედრაში, რომელიც ტალინში შედგა, მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას უკვე გამოთიშულმა ესტონეთმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა კვიპროსი და კუნძულელებს ქვეჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად მოუსპო. დიდ ინტერესს კი შემდეგი ორი მატჩი იწვევდა. ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულმა გუნდმა ევროპის ყველაზე სუსტ ნაკრებად მიჩნეული გიბრალტარი ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა, ცენტრალური დაპირისპირება კი ქალაქ პირეოსში გაიმართა: საბერძნეთი-ბელგიის საინტერესო პაექრობაში სამი გოლი ოთხწუთიან ინტერვალში გავიდა. 70-ე წუთზე „ტოტენჰემის“ მცველმა იან ვერტონგენმა უძლიერესი ცაცია დარტყმით ანგარიში გახსნა, თუმცა სამ წუთში ბერძნებმა სტატუს-კვო აღადგინეს, გოლიდან ერთ წუთში კი ბელგიელმა გოლეადორმა რომელუ ლუკაკუმ თავურით კვლავ წინ გაიყვანა რობერტო მარტინესის გუნდი. დარჩენილ დროში კიდევ შეიქმნა საგოლე მომენტები, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და ბელგიამაც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. საბერძნეთმა ქვეჯგუფში მეორე ადგილი ბოსნიელებს დაუთმო, დარჩენილ ორ ტურში კი ორივე გუნდს საჭირო ქულების აღება სჭირდებათ.

H ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ესტონეთი 1:0 კვიპროსი

გიბრალტარი 0:4 ბოსნია & ჰერცეგოვინა

საბერძნეთი 1:2 ბელგია

გადადებული მატჩი გაიმართა I ჯგუფში. წინა დღეს ძლიერი წვიმის გამო 68-ე წუთზე შეწყვეტილი ხორვატია-კოსოვოს მატჩი ზაგრების სტადიონ „მაქსიმირზე“ მეორე დღეს გაგრძელდა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - შეხვედრის ერთადერთი გოლი კიევის „დინამოში“ მობურთალმა ცენტრალურმა მცველმა დომაგოი ვიდამ 74-ე წუთზე გაიტანა.

I ჯგუფის მატჩის ანგარიში:

ხორვატია 1:0 კოსოვო

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]