weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

მიხეილ ხერგიანის მემორიალი - პანდემიის გამო ჩაშლილი ტურნირი განახლდა

16:52 ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021

„მიდი“, „ბოლომდე“, „მაგარი ხარ, მაგარი“ - ამ შეძახილებით ამხნევებდნენ კლდის ძირში შეკრებილი გულშემატკივრები მიხეილ ხერგიანის მემორიალის მონაწილეებს. პანდემიის გამო გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიაში, პირველად გაიმართა ოთხდღიანი ტურნირი მეკლდეურობაში, რომლის დასკვნით ეტაპზე, ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში, მიხეილ ხერგიანის თასი გათამაშდა. შეჯიბრში მხოლოდ ქართველი მეკლდეურები მონაწილეობდნენ, წელს ტურნირმა უცხოელების გარეშე ჩაიარა.

„წელს მაინც მოვახერხეთ, როგორც შევძელით. ბავშვები ცოტანი ჩამოვიდნენ, ის რაოდენობა არაა, როგორც იყო. უნდა ჩამოსულიყო აზერბაიჯანის გუნდი, სომხეთის გუნდი, უკრაინიდანაც ჩამოდიან ხოლმე, თუმცა წელს ალბათ კოვიდის გამო თავი შეიკავეს და გასაგებიცაა. ზოგმა თვითონვე თქვა უარი, ფორმაში არ იყვნენ“, - გვეუბნება ლალი დიდებულიძე, მეკლდეურობის ფედერაციის მსაჯი.

შარშანდელი წლის განმავლობაში, მეკლდეურებს პანდემიამ ბევრი გეგმა ჩაუშალა - გადაიდო ტურნირები, უცხოეთში გასვლები, ვეღარც ვარჯიშებსა და შეკრებებს მართავდნენ.

„ამ პანდემიამ ისე შეგვიშალა ხელი, რომ წლის ბოლოს პირველ შეჯიბრს ვატარებთ , ლაპარაკი არ გვაქვს მოსამზადებელ შეკრებებზე - ამ ფუფუნებას სამწუხაროდ მოკლებული ვართ. შარშანდელი წელი ჩაგვივარდა, ეს იყო პირველი წელი, რაც მე მახსოვს, რომ მიხეილ ხერგიანის მემორიალი ჩაიშალა“, - ამბობს სპორტული ცოცვის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ქურასბედიანი.

კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატისა და ჩემპიონის, მიხეილ ხერგიანის სახელობის მემორიალი, 1976 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 2011 წლიდან კი ტურნირმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.

კლდეზე ცოცვა 2020 წლიდან სპორტის ოლიმპიური სახეობაა, წელს მედლებიც გათამაშდა. ქართველი მეკლდეურები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წარმატების შანსი აქვს, თუმცა ოლიმპიური ლიცენზიის მისაღებად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, უპირველესად კი სპორტსმენებისთვის ქვეყანაში აუცილებელი პირობების შექმნაა საჭირო.

„დღეს ჩვენ ვხედავდით ბავშვებს, სულ პატარებს, 8-9 წლის გოგონებს და ბიჭებს. არ მგონია, რომ ეს დღე დაავიწყდეთ, ისეთი შეგრძნებაა და ისეთი მნიშვნელოვანია ეს პირველი ნაბიჯები. თუმცა რეალურად ეგ არის, რომ აქ მესტიაში ვერ შესთავაზებ, არ აქვს ისეთი სავარჯიშო პირობები, შიდა დარბაზებში უნდა მოეწყოს კედლები. არ ტარდება ეს ასე მინდორში. დღესდღეობით, სპორტი წინაა წასული, ოლიმპიური სახეობაა უკვე და ძალიან სერიოზული ბაზებია საჭირო იმისთვის, რომ შენ ის ბავშვი წარმოიდგინო ოლიმპიურ თამაშებზე“, - ამბობს ავთანდილ ქურასბედიანი.

მეკლდეურობის ფედერაციის წევრი ალეკო ლეჟავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის  გარეშე ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანა იქნება, რადგან ეკიპირება და ინვენტარი სპორტული ცოცვისთვის საკმაოდ ძვირადღირებულია: „ბავშვებმა ხომ სადღაც უნდა ივარჯიშონ?  მეკლდეურებს უნდა ჰქონდეთ საცოცი კედელი. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის სტანდარტული საცოცი კედელი 15 მეტრია. სოფელ ნიქოზში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ეს კედელი 4 მეტრია“.

მიხეილ ხერგიანის მემორიალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მაინც შეძლებენ შეჯიბრის სრულყოფილად, სრული შემადგენლობით და უცხოელ მონაწილეებთან ერთად ჩატარებას.

ტურნირის პრიზიორები სხვადასხვა კატეგორიებში ასე გადანაწილდა ;

რთულ ცოცვაში გოგონათა შორის:

  • I ადგილი - ნიცა თვაური
  • II ადილი - მარიამ მელანაშვილი
  • III ადგილი - მარიამ კიწმარიშვილი

რთულ ცოვაში ვაჟთა შორის:

  • I ადგილი - ბერდია მერლანი
  • II ადგილი - სოსო გაბულდანი
  • III ადგილი - ნიკოლოზ ბერუაშვილი

სწრაფ ცოცვაში გოგონათა შორის:

  • I ადგილი - მარიამ გიგანი
  • II ადგილი - ნიცა თვაური
  • III ადგილი - სალომე სანახე

სწრაფ ცოცვაში ვაჟთა შორის:

  • I ადგილი - ბერდია მერლანი
  • II ადგილი - ნიკა იოსელიანი
  • III ადგილი - სოსო გაბულდანი

ბუნებრივ კლდეზე გოგონათა შორის:

  • I ადგილი - მარიამ იოსელიანი
  • II ადგილი - ნიცა თვაური
  • III ადგილი - მარიამ კიწმარიშვილი

ბუნებრივ კლდეზე ვაჟთა შორის:

  • I ადგილი - გიორგი ჯაფარიძე
  • II ადგილი - ავთანდილ ქურასბედიანი
  • III ადგილი - სოსო გაბულდანი

გუნდურ პირველობაში:

  • I ადგილი - მესტია
  • II ადგილი - „პრო ქლაიმბერს“ თბილისი
  • III ადგილი - თბილისი
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]