weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანია სრული სვლით მიდის, ინგლისმა გაჭირვებით მოიგო

11:11 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპის ზონაში მე-8 ტურის მატჩები კიდევ სამ ქვეჯგუფში გაიმართა. კვლავ უდანაკარგოდ ასპარეზობს გერმანიის ეროვნული ნაკრები, საკუთარი შეხვედრები ასევე მოიგეს სხვა ფავორიტმა გუნდებმაც.

C ჯგუფში ნაადრევად გადაწყდა ორი გამსვლელი გუნდის ვინაობა, ესენი გერმანია და ჩრდილოეთ ირლანდია არიან. გასარკვევი მათში მხოლოდ პირველ-მეორე პოზიციების განაწილებაა. იოახიმ ლიოვის გუნდმა შტუტგარტში 6 უპასუხო გოლი გაუტანა დასუსტებულ ნორვეგიას და ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. ანგარიში მე-10 წუთზე მესუთ იოზილმა გახსნა, შვიდ წუთში იულიან დრაქსლერმა სხვაობა გაზარდა, შემდეგ კი „ლაიპციგელი“ ტიმო ვერნერის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში სკანდინავიელთა რბევა ლეონ გორეცკამ თავურით გააგრძელა და ვეტერანმა მარიო გომესმა ასევე თავურით დაასრულა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა ბელფასტის „უინძორ პარკზე“ მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ ფეხბურთელებმა, ჯონი ევანსმა და ქრის ბრანტმა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით ჩეხეთის ნაკრებს ყველანაირი შანსები მოუსპეს. მანამდე აზერბაიჯანმა ბაქოში ბოლოადგილოსან სან-მარინოს უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა უსუსტესი გუნდი.

C ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

აზერბაიჯანი 5:1 სან-მარინო

გერმანია 6:0 ნორვეგია

ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 ჩეხეთი

საინტერესო და გადამწყვეტი შეხვედრები გამოდგა E ჯგუფში გამართული მატჩები. ბოლო პერიოდში ფორმაში შესულმა დანიის ეროვნულმა გუნდმა ამჯერად სომხეთში მოიგო სოლიდური სხვაობით. მათი გოლები კვლავ გუნდის საუკეთესო ხაზის, ნახევარმცველების ანგარიშზეა - თომას დილეინიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი კი „ტოტენჰემელმა“ ქრისტიან ერიკსენმა გაიტანა. მეორე ადგილზე გადასული დანია მოგვიანებით კვლავ მესამეზე დააბრუნა მონტენეგროს ნაკრებმა, რომელმაც შინ მთავარი მეგოლის, „მონაკოს“ ახალწვეულ სტევან იოვეტიჩის ერთადერთი გოლით რუმინეთი დაამარცხა და ქვეჯგუფში ჩატოვა. დანიასაც და მონტენეგროსაც 16-16 ქულა და ბურთების თანაბარი სხვაობა აქვთ, თუმცა ჩერნოგორიელები იუტლანდიელებს ურთიერთშეხვედრაში სჯობიან, შემდეგ ტურში კი სწორედ ამ ორ გუნდის მატჩი გაიმართება. წინა ტურში სასტიკად დამარცხებული ლიდერი პოლონეთი მალე მოვიდა გონს, ვარშავიდან ყაზახეთის ნაკრები სამი გოლით (არკადიუშ მილიკი, კამილ გლიკი, რობერტ ლევანდოვსკი პენალტით) დამარცხებული გაუშვა და უახლოეს მდევრებთან სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

E ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

სომხეთი 1:4 დანია

მონტენეგრო 1:0 რუმინეთი

პოლონეთი 3:0 ყაზახეთი

F ჯგუფში სიტუაცია დაძაბა მე-8 ტურმა, რომელშიც მასპინძლებმა იმარჯვეს. პირველადგილოსანმა ინგლისის ეროვნულმა გუნდმა „უემბლიზე“ სლოვაკებისგან გოლი მე-3 წუთზე მიიღო, თუმცა მდევრის როლში მყოფმა გამარჯვება და სამი ქულის აღება წვალებით მაინც მოახერხა - ჯერ ერიკ დაიერმა კუთხურიდან გაათანაბრა 37-ე წუთზე, მეორე ტაიმში კი თინეიჯერმა მარკუს რეშფორდმა 59-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა სტუმრებს. საშინაო შეხვედრები მოიგეს შოტლანდიამ და სლოვენიამ, რომლებმაც შესაბამისად, მალტა და ლიტვა დაამარცხეს იოლად, 14-14 ქულა დააგროვეს და 15 ქულით მეორე ადგილზე მყოფ სლოვაკეთის ნაკრებს წამოეწივნენ.

F ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ინგლისი 2:1 სლოვაკეთი

შოტლანდია 2:0 მალტა

სლოვენია 4:0 ლიტვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]