weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

პარლამენტარ ვიქტორ სანიკიძეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს 

18:26 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შესული ყოფილი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბუთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ის ერთადერთი კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღევანდელ ბრიფნიგზე, სადაც განმარტებები მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და თავად სანიკიძემ გააკეთეს.

„კალათბურთის ოჯახი არის ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული, ყოველთვის კალათბურთის სიყვარულით გამსჭვალული და მუდამ მზადყოფნაში თავდაუზოგავი შრომისთვის. ჩვენ დავსხედით, ვისაუბრეთ, შევთანხმდით – უმრავლეს შემთხვევაში საერთო ხედვები გვაქვს განვითარებასთან დაკავშირებით – და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგეთ ერთი გუნდით, იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთის სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა. კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე“, – განაცხადა გურასპაულმა და აღნიშნა, რომ თანამდებობა მისთვის არასდროს ყოფილა იდიაფიქსი. 

პაატა გურასპაული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრას აპირებდა. ვიდრე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ განაცხადებდა, გუშინ ის და ვიქტორ სანიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდნენ, რა დროსაც ღარიბაშვილმა კალათბურთის განვითარებაში 100 მილიონი ლარის ინვესტირების ინიციატივა გააჟღერა. გარდა ამისა, პრემიერი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებსაც შეეხო და თქვა, რომ არჩევნები ძალიან მშვიდად და ცივილიზებულად უნდა ჩატარდეს. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთიანად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ კალათბურთს, ვიდრე ცალცალკე: ან მე, თუ გავიმარჯვებდი, ან ვიქტორი, თუ ის გაიმარჯვებდა“, – განმარტა პაატა გურასპაულმა დღეს.

ვიქტორ სანიკიძემ მთავრობას გუშინდელი ინიციატივისა და კალათბურთის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩემი მხრიდანაც სრული მზაობაა მოქმედ ფედერაციასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მოდის ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ღონისძიება სექტემბერში – „ევრო ბასკეტი“, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო, ყველას უნდა დავანახოთ, როგორ უყვარს კალათბურთი ჩვენს ქვეყანას და რომ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება“, – განაცხადა სანიკიძემ.

ვიქტორ სანიკიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებამდე მან „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]