weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა

10:22 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

ევრობასკეტის მიმდინარე გათამაშების მეოთხე მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა უაღრესად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მასპინძელი ისრაელის ეროვნული გუნდის დამარცხება დამატებით დროში შეძლო და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

პრინციპული შეხვედრა ილიას ზუროსის გუნდისთვის გადამწყვეტი იყო, თუმცა ქართველი კალათბურთელები მეტწილად მდევრის როლში იყვნენ და პირველი ტაიმი წააგეს კიდეც - ორივე მეოთხედი თითო ქულით.

მეორე ტაიმი საქართველომ ცუდად დაიწყო, ისრაელს ყველაფერი გამოსდიოდა, ქართველებს – არაფერი, ამიტომაც მესამე პერიოდის დასაწყისში სხვაობამ ათ ქულას მიაღწია. განგაშის ზარის შემდეგ ნელ-ნელა, მეთოდურად, საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენის შემცირება დაიწყო, მაგრამ მესამე მეოთხედი კვლავ ერთი ქულით წააგო. ბოლო მეოთხედში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა თამაში დაცვაშიც გამოასწორეს და შეტევაშიც. მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანს, მაიკლ დიქსონმა მიაყოლა. დიქსონის სამქულიანი საერთოდ უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა – გუნდი ერთი ქულით აგებდა, როდესაც მაიკლმა ბურთი კალათში ჩაუშვა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით დააწინაურა. რჩებოდა 11 წამი, რომელიც შეტევისთვის საკმარისი იყო, მაგრამ თავის დაცვაც შეიძლებოდა, თუმცა საქმეში მსაჯები ჩაერთვნენ: ჯერ იყო და ომრი კასპიმ გარბენის მეშვეობით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ არბიტრებმა რატომღაც ეპიზოდი გაატარეს, შემდეგ კი 6 წამი რჩებოდა და ზაზა ფაჩულია ფართან ისრაელის ნაკრების ორმა მოთამაშემ ქართველთა კაპიტანზე წესები აშკარად დაარღვიეს, ამის გამო შეხვედრა 89:89 დასრულდა.

ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ოვერტაიმში დამატებულ 5 წუთში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და მეტოქეს გამარჯვების ყველანაირი შანსი მოუსპო - 15:2 დამატებით დროში და მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 104:91 დასრულდა.

საქართველომ ბურთი ფარიდან 50-ჯერ მოხსნა, მაშინ როდესაც ისრაელის ნაკრებმა იგივე მხოლოდ 22-ჯერ გააკეთა. საქართველომ შეტევაში ბურთი 16-ჯერ, ხოლო მასპინძლებმა ჩვენს ფარზე მხოლოდ ორჯერ მოხსნეს. ქართველებმა უკეთ ისროლეს სამქულიანებიც: 39%-იანი სიზუსტით 23-დან 9 ზუსტი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების რიგებში ქულები რვა კალათბურთელმა მოიპოვა, ათქულიან ზღვარს კი ერთბაშად 5 კალათბურთელი გადასცდა: შენგელია, ფაჩულია, სანაძე, დიქსონი და მარკოიშვილი. ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გაიფორმეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია თორნიკეს მონაგარი: 25 ქულა 19 მოხსნის წილ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]