ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე „ჯვაროსნები“ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ - ქართველებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, ვალერიან გვილია ოსტატურად გაისარჯა და მე-8 წუთზე ახლო მანძილიდან ტექნიკურად გაუტანა ავსტრიელთა გოლკიპერს. საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური სტარტი იყო, თუმცა პირველი ტაიმი ეროვნულმა გუნდმა გამარჯვებით მაინც ვერ ჩაამთავრა. ჯერ მარტინ ჰარნიკის თავური დარტყმა აისხლიტა ქართველთა კარის ხარიხამ, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს მოწყობილი შტურმისას აშკარა საგოლე მომენტის განიავების შემდეგ, ავსტრიის ნაკრების ტრავმირებული ლიდერის, დავიდ ალაბას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 22 წლის ლუის შაუბმა 43-ე წუთზე გაიტანა - გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელის გოლისას საქართველოს ნაკრების დაცვა გაუნძრევლად იდგა.
მეორე ნახევარში ავსტრიელებმა მოუმატეს. მასპინძლებს გამარჯვება და სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ, თუმცა მარკო არნაუტოვიჩის უამრავი მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა, რადგან „ჯვაროსნებსაც“ არაფერი გამოსდიოდათ კონტრშეტევებისას.
ავსტრია – საქართველო 1:1
ავსტრია: ლინდნერი; ბაუერი, დრაგოვიჩი, დანსო, ჰინტერეგერი; ალაბა (შაუბი 38), გრილიჩი (ილზანკერი 80), ბაუმგარტლინგერი, კაინცი; არნაუტოვიჩი, ჰარნიკი (იანკო 68).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
საქართველო: მაკარიძე; ო. კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი, ანანიძე, გვილია (მერებაშვილი 69); ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90+2), ქვილითაია (დვალიშვილი 88).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გოლები: 0:1 გვილია (8) 1:1 შაუბი (43).
გაფრთხილება: კაინცი (53), დანსო (78); ქვილითაია (82).
მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი)