weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არგენტინის ნაკრებმა გამარჯვება კვლავ ვერ მოახერხა

13:00 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმაც გამართეს. მე-16 ტურში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ათგუნდიან ცხრილში, საიდანაც რუსეთში მოსახვედრად ბრაზილიის გარდა კიდევ 4 დარჩენილი საგზურისთვის 7 გუნდი იბრძვის.

კვლავ წააგო ჩილეს ნაკრებმა, ამჯერად სტუმრად - უმოტივაციო ბოლივიასთან. როგორც ჩანს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი გუნდი კრიზისში იმყოფება და ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხებით ცხრილში პოზიციებიც დაკარგა.

ფრედ დასრულდა შეხვედრა კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში, სადაც ტიტეს ხელმძღვანელობით ბრაზილიის ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულები. მაღალტემპიან და სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიში ვილიანმა ძლიერი დარტყმით გახსნა - „ჩელსის“ გარემარბმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დავიდ ოსპინას ცხრიანში გაუტანა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე წონასწორობა აღადგინეს - კოლუმბიელთა კაპიტანმა რადამელ ფალკაომ თავური დარტყმით სამშობლოს მაისურით სარეკორდო 27-ე გოლი შეაგდო.

უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა ბოლო ხანს კარგად ათამაშებულმა პერუს ნაკრებმა, რომელმაც ამჯერად გასვლაზე დაამარცხა ეკვადორის გუნდი და ცხრილში ორი ადგილით გააკეთა ნახტომი. დარჩენილ ორ ტურში პერუელებს არგენტინასა და კოლუმბიასთან ელით რთული შეხვედრები, მაგრამ რუსეთში მათი მოხვედრა ახლა უკვე სავსებით რეალურია. ბოლო ოთხ მატჩში დამარცხებულ ეკვადორს კი მუნდიალზე სათამაშო მიზერული თეორიული შანსიღა აქვს.

კვლავ ვერ შეძლო მოგება არგენტინის ნაკრებმა. „ალბისელესტემ“ ბუენოს აირესის გადაჭედილ „ესტადიო მონუმენტალზე“ ბოლოადგილოსან უსუსტეს ვენესუელას უმასპინძლა, უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ არ გაუმართლა და სამი ქულა ვერ აიღო - მდევრის როლში მყოფმა ხორხე სამპაოლის გუნდმა ქულა ვენესუელელთა ავტოგოლით გადაარჩინა.

კოლუმბიელთა ყაიმით კარგად ისარგებლა ურუგვაიმ და პარაგვაიში მოპოვებული გამარჯვებით მეორე პოზიციაზე აინაცვლა. ასუნსიონში გოლები ბოლო 15 წუთში გავიდა: 19 წლის ფედერიკო ვალვერდეს 76-ე წუთზე დარტყმული ბურთი რიკოშეტით გავიდა მასპინძელთა კარში, ოთხ წუთში ურუგვაელთა კონტრშეტევისას მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუის სუარესმა გოლკიპერსა და მცველებთან ბრძოლაში ხარიხას გაარტყა ბურთი, რომელიც ავტოგოლით მაინც აღმოჩნდა პარაგვაელთა კარში, მასპინძლებმა კი 88-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს.

მე-16 ტურის მატჩების ანგარიშები:

ბოლივია 1:0 ჩილე

კოლუმბია 1:1 ბრაზილია

ეკვადორი 1:2 პერუ

არგენტინა 1:1 ვენესუელა

პარაგვაი 1:2 ურუგვაი

სატურნირო ცხრილი:

  1. ბრაზილია - 37 ქულა, ბურთები 38:11
  2. ურუგვაი - 27 ქულა, ბურთები 28:18
  3. კოლუმბია - 26 ქულა, ბურთები 19:16
  4. პერუ - 24 ქულა, ბურთები 26:25
  5. არგენტინა - 24 ქულა, ბურთები 16:15
  6. ჩილე - 23 ქულა, ბურთები 24:23
  7. პარაგვაი - 21 ქულა, ბურთები 17:23
  8. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 24:24
  9. ბოლივია - 13 ქულა, ბურთები 14:34
  10. ვენესუელა - 8 ქულა, ბურთები 18:35

სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ციკლის მომდევნო მე-17 ტურის შეხვედრები 6 ოქტომბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]