ბარსელონა-იუვენტუსის გარდა, დღეს ჯგუფური ეტაპის კიდევ შვიდი შეხვედრა ჩატარდება. ინტერესს იწვევს განახლებული შემადგენლობით გაძლიერებული „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში - პარიზული კლუბი გლაზგოს „სელტიკს“ სტუმრად დაუპირისპირდება. პირველ დღეს ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებული „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მიუნხენის „ბაიერნი“.
A ჯგუფში განთესილი ლისაბონის „ბენფიკა“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ც.ს.კ.ა“-ს უმასპინძლებს და სამი ქულის აღებას შეეცდება, ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ოლდ ტრაფორდზე“ შვეიცარიის ჩემპიონ „ბაზელს“ დაუხვდება.
B ჯგუფში პსჟ-სელტიკის პარალელურად მიუნხენის „ბაიერნი“ ბელგიის ჩემპიონ ბრიუსელის „ანდერლეხტს“ უმასპინძლებს. საერთო მოსაზრებით, კარლო ანჩელოტის გუნდის წინააღმდეგ ბელგიური კლუბის შანსები მცირეა.
საინტერესო შეხვედრები შედგება C ჯგუფში, სადაც „რომა“ შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, ხოლო „ჩელსი“ - დებიუტანტ „ყარაბაღს“. ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებულ „არისტოკრატებს“ აზერბაიჯანის ჩემპიონთან სამი ქულის აღება წესით არ უნდა გაუჭირდეთ, რომაული კლუბი და დიეგო სიმეონეს გაწვრთნილი „ლოს როხიბლანკოსი“ კი ერთმანეთს პლეი-ოფის საგზურს პირველივე ტურიდან შეეცილებიან.
ლიონელ მესის ჯანლუიჯი ბუფონის კარში გოლი არასოდეს გაუტანია და ამ ტრადიციის დარღვევას სწორედ დღეს ეცდება. კარგ ფორმაშია იტალიის ბოლო ექვსი წლის ჩემპიონი „ბებერი სინიორაც“, რომელიც „ბარსასთან“ წინა სეზონის წარმატების გაგრძელებას შეეცდება. D ჯგუფში გრანდების პარაlელურად პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ და ლისაბონის „სპორტინგი“ ითამაშებენ.