სოლომონ კვერკველიას გუნდს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა და სხვებთან შედარებით ყველაზე იოლ ქვეჯგუფში მოხვდა. F ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ პირველი ტურის შეხვედრა სტუმრად „კოპენჰაგენთან“ გამართა და 0:0 დაასრულა შეხვედრა. ქართველმა მცველმა დანიის დედაქალაქში 90 წუთი ითამაშა. იგივე შედეგით დასრულდა ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი ჩეხეთში, ზლინის „ფასტავსა“ და ტირასპოლის „შერიფს“ შორის.
ვალერიან გვილიას „ბ.ა.ტ.ე.“-ს მძიმე ბრძოლები ელის. ბორისოვოელებმა პირველი შეხვედრა H ჯგუფში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ სტუმრად გამართეს და 1:1 ითამაშეს. გვილია მატჩის განაცხადში არ ყოფილა. ამავე ქვეჯგუფში კი ლონდონის „არსენალმა“ შინ 3:1 დაამარცხა „კიოლნი“.
ურთულეს K ჯგუფში მოხვდა გურამ კაშიას გუნდიც, რაც პირველმა ტურმა დაამტკიცა - ევროტურნირის დებიუტანტი არნემის „ვიტესი“ შინ დრამატულად დამარცხდა რომის „ლაციოსთან“: „ვიტესი“ ორჯერ იგებდა, თუმცა საბოლოოდ 2:3 წააგო. კაპიტანმა კაშიამ 90 წუთი იასპარეზა. ამავე ქვეჯგუფში „ნიცამ“ ბელგიური „ზულტე-ვარეგემი“ სტუმრად 5:1 გაანადგურა.
რაც შეეხება სკოპიეს „ვარდარს“, რომელსაც ევროპა ლიგაზე გასვლაში ჯამბულ ჯიღაური „ფენერბაჰჩესთან“ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლით დაეხმარა, მაკედონიურმა კლუბმა პირველ ტურში საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ფარ-ხმალი დაყარა - 0:5. ჯიღაურმა შეხვედრაში სრულად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ასევე სოლიდური და მშრალი ანგარიში დაფიქსირდა L ჯგუფის მეორე მატჩში: ესპანეთის „რეალ სოსიედადმა“ შინ ტრონჰეიმის „რუსენბორგი“ 4:0 დაამარცხა.
ევროპა ლიგის მე-2 ტურის მატჩები 28 სექტემბერს გაიმართება. ქართველი ფეხბურთელების კლუბების შეხვედრები კი ასეთია:
მოსკოვის ლოკომოტივი – ზლინის ფასტავი
ნიცა – ვიტესი
ბ.ა.ტ.ე. – არსენალი
რუსენბორგი – ვარდარი