weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფრენბურთის არენას ოლიმპიურ ჩემპიონ ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა

16:42 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას ოლიმპიური ჩემპიონის, ვაჟა კაჭარავას სახელი მიენიჭა, თავად ვეტერან სპორტსმენს კი - სპორტის რაინდის წოდება. სახელობითი დაფის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ვაჟა კაჭარავამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, ასევე ოლიმპიელის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ვეტერან სპორტსმენს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

„ქართული სპორტის ისტორიას არაერთი დიდი გამარჯვება და წარმატებული, ტიტულოვანი სპორტსმენი ახსოვს, თუმცა მათ შორისაც არიან გამორჩეული ათლეტები, რომლებმაც უდიდესი ეპოქა შექმნეს და ჩვენი სპორტის მატიანეში გამორჩეული ადგილი დაიკავეს. ასეთი გახლავთ ვაჟა კაჭარავა, უდიდესი სპორტსმენი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები და გამარჯვებები აჩუქა. ოლიმპიური ჩემპიონობა, ევროპირველობის მოგება თუ არაერთი ინდივიდუალური პრიზი მის უმაღლეს კლასზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ფრენბურთის არენას მის სახელს ვანიჭებთ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სულ რამდენიმე დღეში თბილისში ვმასპინძლობთ ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ერთი ჯგუფის თამაშებს, რაც კიდევ ერთი გამოწვევა და ქართული სპორტის გამარჯვებაა. დიდი მადლობა ვაჟა კაჭარავას წლების მანძილზე მონიჭებული სიხარულისთვის და წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ვაჟა კაჭარავა დაიბადა 1937 წლის 2 იანვარს, თბილისში. 1955-64 წლებში თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“, 1965-71 წლებში კი - მოსკოვის „დინამოში“, იყო ამ გუნდების კაპიტანი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი 1959-67 წლებში. არის 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 1967 წელს და მესამე პრიზიორი 1963 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 1966 წელს, მსოფლიოს თასის მფლობელი 1965 წელს, მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი 1963 და 1965 წლებში, სსრკ-ის  ჩემპიონატის მესამე პრიზიორი 1965 წელს, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადების ორგზის მეორე 1967 და 1971 წლებში და მესამე პრიზიორი 1963 წელს. იყო მოსკოვის ბაუმანის სახელობის ტექნიკური სასწავლებლის გუნდის (1973-81 წლებში თამაშობდა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში), სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების (1976-77 წლებში), სსრკ-ის სტუდენტური ნაკრებისა და საქართველოს ნაკრების (1984-94 წლებში) მთავარი მწვრთნელი. არის სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, რუსეთის ფედერაციისა და სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ-ის საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ვაჟა კაჭარავა ასევეა ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სეოკის ორდენების კავალერი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]