სლოვენიამ მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ყველა შეხვედრის მოგება შეძლო და რაც მთავარია, ნახევარფინალში უძლიერესი ესპანეთის ნაკრები გაანადგურა. ფინალი კი ბრწყინვალე სანახავი გამოდგა: თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, სლოვენიამ მეორე პერიოდში სერბეთის დაჩაგვრა მოახერხა, კომფორტული სხვაობის მოპოვება შეძლო და ტაიმი 56:47 მოიგო.
სერბეთმა მესამე პერიოდი უკეთესად ჩაატარა და უკანასკნელი მონაკვეთის წინ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა, ხოლო მეოთხე პერიოდის შუაში სულაც დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის ბოლოს ტრავმა მიიღო სლოვენიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. დანაკლისმა სლოვენიელები დააბნია, რითაც სერბებმა ისარგებლეს და წინაც გავიდნენ. თანაც, შეხვედრის ბოლო მეოთხედში თამაში აღარ წაუვიდა გორან დრაგიჩს, რომელიც ბოლო წუთებში იგორ კოკოშკოვმა შეცვალა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სლოვენიელებმა საჭირო ძალები გამონახეს, შეხვედრის უკანასკნელი წუთები უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და საბოლოო ჯამში 8-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, ესპანეთმა რუსეთი ანალოგიური ანგარიშით 93:85 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
ფინალისა და მთლიანად ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ „მაიამი ჰიტის“ სლოვენიელი წევრი გორან დრაგიჩი დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში საკუთარ გუნდს 28:21 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ტურნირის საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: გორან დრაგიჩი, ლუკა დონჩიჩი (ორივე სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ალექსეი შვედი (რუსეთი) და პაუ გასოლი (ესპანეთი).