weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველების საკვირაო მონაგარი უცხოურ ჩემპიონატებში

10:44 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

გასულ უქმეებზე ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების ტურის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც აღსანიშნავია ეროვნული ნაკრების წევრებისა და სხვა რამდენიმე ქართველი ლეგიონერის მიერ მნიშვნელოვანი გოლების გატანა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-6 ტურში „აიაქსი“ შინ „ამსტერდამ არენაზე“ 1:2 დამარცხდა არნემის „ვიტესთან“. ანგარიში 21-წუთზე არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გახსნა, მეორე გოლი კოსოვოელი მილოტ რაშიცას ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ჰაქიმ ზიეშის საგოლე გადაცემის შემდეგ ნიკ ვირგევერმა თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა - „აიაქსის“ გოლისას „ვიტესის“ დაცის ხაზი ჩავარდა, მათ შორის არადამაჯერებელი იყო გურამ კაშია, რომელმაც მოძრაობა დააგვიანა, თუმცა არნემელებმა უაღრესად მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შეძლეს. კაშიამ ტრადიციულად შეხვედრა სრულად ჩაატარა. 18-გუნდიან ჩემპიონატში „ვიტესი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ „პ.ს.ვ. ეინდჰოვენს“.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენის „რაპიდმა“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით 4:2 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში მყოფმა გიორგი ქვილითაიამ აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა: მწვრთნელმა ის საქმეში შესვენების შემდეგ, მეორე ტაიმიდან ჩართო და ქართველმა ფორვარდმაც მესამე გოლის დროს 53-ე წუთზე თომას მურგს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ მოგების შემდეგ „რაპიდს“ 13 ქულა აქვს და 10 გუნდში მეოთხე პოზიციაზეა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში მორიგი ქულები დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა „სპარტაკმა“. მოსკოვის „სახალხო გუნდმა“ ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა და მახაჩყალის „ანჟისთან“ 2:2 ითამაშა. მასპინძელთა რიგებში ჯანო ანანიძე სასტარტოშ იმყოფებოდა და ის 72-ე წუთზე შეცვალეს.

ეკატერინბურგის „ურალმა“ შინ „ტოსნო“ 3:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში სახლში პირველი მატჩი მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია „ურალის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე ანგარიში პენალტის ზუსტად შესრულებით გახსნა, 67-ე წუთზე კი შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ჭანტურიამ პრემიერ ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, აქედან ორი - თერთმეტმეტრიანიდან.

მოსკოვის „ლოკომოტივს“ პრინციპულ მატჩში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო სტუმრად „როსტოვს“. მოსკოველ რკინიგზელთა რიგებში ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ. მოსკოვურმა მეორეადგილოსანმა გუნდმა პორტუგალიელი ედერის გოლით შეხვედრა 90+3-ე წუთზე მოიგო.

რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი „კრასნოდარსა“ და „ზენიტს“ შორის შედგა, სადაც ლიდერმა სანკტ-პეტერბურგელებმა 2:0 მოიგეს. მასპინძელთა ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა 75-ე წუთზე საქმეში შარლზ კაბორეს ნაცვლად ჩაერთო. ამ მარცხის შემდეგ კრასნოდარელებს კვლავ 21 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციას იკავებენ.

ამავე ტურში „უფამ“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ტულას „არსენალი“. მასპინძლებში 86-ე წუთამდე ითამაშა ჯემალ ტაბიძემ, ხოლო სტუმართაგან ტრავმის გამო გია გრიგალავა განაცხადშიც არ იყო.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეათე ტურში დუბლით გამოირჩა გიორგი ბერიძე. „ტრენჩინმა“ სტუმრად „ტატრანი“ 7:0 გააცამტვერა, ხოლო ამაში თავისი სოლიდური წვლილი ქართველმაც შეიტანა - ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და 33-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე მასპინძელთა რბევას წერტილი დაუსვა. „ტრენჩინი“ 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება. 20 წლის ქართველი შემტევის მონაგარი კი 9 მატჩსა და 3 გოლს შეადგენს.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კვირა დღის ბოლო მატჩი „ლა რომარედაზე“ გაიმართა, სადაც „სარაგოსა“ საკუთარ კედლებში „ხიმნასტიკს“ მასპინძლობდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა განაცხადში მყოფმა გიორგი პაპუნაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა ცვლილებაზე 65-ე წუთზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც. რაც შეეხება ტარაგონელთა შემადგენლობას, იქ უცვლელად ითამაშა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამ მატჩის შემდეგ „სარაგოსა“ 22 გუნდში 6 ქულით მე-18 პოზიციაზეა, ხოლო „ხიმნასტიკი“ 5 ქულით - მეოცეზე.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, რანგით მესამე ლიგის, სერია C-ს A ჯგუფის მე-5 ტურში „პრატომ“ საკუთარ მოედანზე რომან ჭანტურიას გოლით 1:0 დაამარცხა „გავორანო“. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, 23-ე წუთზე გოლი გაიტანა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 85-ე წუთზე კი შეცვალეს. მისთვის ეს გოლი „პრატოს“ მაისურით სადებიუტო იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ „პრატომ“ მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას ჭანტურიას გოლით მიაღწია.

რუმინეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში ბუქარესტის „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „გაზ მეთანს“ დაუზავდა - 1:1. „იუვეს“ სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მოხვდა, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს, „გაზ მეთანის“ საწყის თერთმეტეულში კი - აკაკი ხუბუტიამ, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. 14-გუნდიან ჩემპიონატში „გაზ მეთანი“ 6 ქულით მე-13 ადგილზეა, „იუვენტუსი“ კი 4 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში „ოდენსემ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „რანდერსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ თამაში პირველივე წუთიდან დაიწყო, თუმცა იგი 66-ე წუთზე შეცვალეს. ამ წაგების შემდეგ „რანდერსს“ კვლავ 7 ქულა აქვს და ბოლო, მე-14 ადგილზეა. ამავე ტურში ჩემპიონ „კოპენჰაგენისა“ და „სილკებორგის“ დაპირისპირება მასპინძელთა გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დასრულდა. სტუმართა განაცხადში მყოფ ქართველთაგან დანიის ჩემპიონებს მხოლოდ ერთი, დავით სხირტლაძე დაუპირისპირდა, პირველივე წუთიდან დაიწყო თამაში და 71-ე წუთზე გაიყვანეს, ხოლო ფორვარდი მათე ვაწაძე სათადარიგოთა შორის იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]