weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური მცირე სენსაციებით დაიწყო

10:48 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ჯგუფური ეტაპის მეორე ტურით განახლდა. რვა შეხვედრაში დაფიქსირებული რამდენიმე ანგარიში მოულოდნელი გამოდგა.

სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ მასპინძელმა „სევილიამ“ E ჯგუფის მატჩში სლოვენიის ჩემპიონი „მარიბორი“ წარმოშობით ტუნისელი ფრანგის, ვიამ ბენ იედერის ჰეთ-თრიქით იოლად დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა კი მოსკოვში „ოტკრიტიე არენაზე“ ფრედ დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტუმარი „ლივერპული“ უდიდეს უპირატესობად ფლობდა - მერსისაიდელებმა „სპარტაკთან“ უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ვეღარაფრით გაისწორეს მიზანი. ჯანო ანანიძე ტრავმის გამო „სპარტაკის“ განაცხადშიც არ ყოფილა.

სევილია - მარიბორი 3:0

ბენ იედერი (27), ბენ იედერი (38), ბენ იედერი (83 პ.).

მოსკოვის სპარტაკი - ლივერპული 1:1

1:0 ფერნანდო (23) 1:1 ფ. კოუტინიო (31).

იოლად მოიგო შეხვედრა იტალიურმა „ნაპოლიმ“, რომელიც შინ „ფეიენოორდს“ სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში როტერდამელებისგან პრესტიჟის გოლი გაუშვა. მანამდე „ფეიენოორდელ“ იენს ტოორნსტრას მეკარე პეპე რეინამ პენალტი აუღო. F ჯგუფის მეორე მატჩიც მასპინძელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა: დონეცკის „შახტარი“ კარგად უძალიანდებოდა „მანჩესტერ სიტის“, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდმა გამარჯვება მაინც მოახერხა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა გოლკიპერმა ანდრეი პიატოვმა სერხიო აგუეროს მიერ 72-ე წუთზე დარტყმული თერთმეტრიანი მოიგერია. ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა „შახტარის“ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

ნაპოლი - ფეიენოორდი 3:1

1:0 ლ. ინსინიე (7) 2:0 მერტენსი (49) 3:0 კალეხონი (70) 3:1 ს. ამრაბატი (90+3).

მანჩესტერ სიტი - დონეცკის შახტარი 2:0

დე ბრუინე (48), სტერლინგი (90).

მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე პირწმინდად დამარცხდა კარგ ფორმაში მყოფი „მონაკო“, რომელმაც „პორტოსგან“ სამი უპასუხო გოლი მიიღო. პორტუგალიური კლუბიდან თავი კამერუნელმა ვენსას აბუბაკარმა დუბლით გამოიჩინა, მესამე გოლი კი მექსიკელმა მიგელ ლაიუნმა გაიტანა. საშინაო შეხვედრა მოიგო სტამბოლის „ბეშიქთაშმა“, რომელმაც გერმანიის ვიცე-ჩემპიონი „ლაიპციგი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო. სხვათა შორის, აღნიშნული შეხვედრა სტადიონის მცირე განათების გამო ათიოდე წუთით შეჩერდა.

მონაკო - პორტო 0:3

აბუბაკარი (31), აბუბაკარი (69), ლაიუნი (89).

ბეშიქთაში - ლაიპციგი 2:0

რ. ბაბელი (11), ტალისკა (43).

სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი H ჯგუფში დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ გაიმართა, თუმცა „ბორუსიასა“ და „რეალის“ წინა წლების დაპირისპირებებისგან განსხვავებით, ბრძოლა ვერ შედგა და მადრიდულმა გრანდმაც დორტმუნდში გამარჯვება იოლად შეძლო. ზინედინ ზიდანის გუნდი უელსელმა გარეთ ბეილმა ეფექტური ცაციით დააწინაურა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ჰოლანდიელ არბიტრ ბიორნ კუიპერსს მადრიდელთა კარში პენალტის დანიშვნა მართებდა, როდესაც სერხიო რამოსმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში კრისტიანო რონალდომ ანგარიში გაზარდა, მალევე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა დასასრულისკენ რონალდომ დუბლი გაიფორმა და „რეალმა“ დორტმუნდში გამარჯვება პირველად მოიპოვა. ამავე ქვეჯგუფში ლონდონის „ტოტენჰემი“ სტუმრად ნიქოზიაში ადგილობრივ „ა.პ.ო.ე.ლ.“-ს ჰარი კეინის ჰეთ-თრიქით იოლად გაუსწორდა.

დორტმუნდის ბორუსია - მადრიდის რეალი 1:3

0:1 ბეილი (18) 0:2 კ. რონალდო (50) 1:2 ობამეიანგი (54) 1:3 კ. რონალდო (79).

ა.პ.ო.ე.ლ. - ტოტენჰემ ჰოტსპური 0:3

კეინი (39), კეინი (60), კეინი (67).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეორე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]