Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
ქართველი სამხედროების ნაკრების თამაშს თავდაცვის მინისტრი ლიტვიდან გულშემატკივრობდა - ლევან იზორიამ გამარჯვება ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე ვილნიუსიდან მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი ე.წ. ძლიერთა თამაშებში (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა და ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში იასპარეზეს, შემდეგ კი - შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში.