შედარებით სუსტ ჯგუფში მყოფმა მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე ჩეხური კლუბი ზლინის „ფასტავი“ პორტუგალიელი მანუელ ფერნანდესის ჰეთ-თრიქით იოლად 3:0 დაამარცხა. ცენტრალური მცველი კვერკველია ტრადიციულად შეუცვლელად, მაღალ დონეზე გაისარჯა. „ლოკომოტივი“ ორი ტურის თავზე 4 ქულით ჯგუფში ლიდერია და ჯერ გოლიც არ გაუშვია.
სამაგიეროდ, უქულოდ ასპარეზობს ე.წ. სიკვდილის ჯგუფში მოხვედრილი გურამ კაშიას „ვიტესი“. ჰოლანდიური გუნდი ამჯერად სტუმრად „ნიცასთან“ უშანსოდ დამარცხდა – 0:3. არნემელთა ქართველი კაპიტანი 90 წუთი გაისარჯა. „ვიტესს“ ორ ტურში ორი მარცხი აქვს და ამ ქვეჯგუფში თითქმის ყველაფერი გარკვეულია: „ლაციო“ და „ნიცა“ 6-6 ქულით ლიდერობენ, „ვიტესსა“ და „ზულტე ვარეგემს“ კი 0 ქულა აქვთ.
დამარცხდა ჯამბულ ჯიღაურის „ვარდარიც“ – ტრონჰეიმში ადგილობრივ „რუსენბორგთან“ ანგარიშით 1:3. ჯიღაურმა 90 წუთი ითამაშა და 41-ე წუთზე ყვითელ ბარათი მიიღო. მაკედონიის ჩემპიონი გუნდი ორი ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
ბორისოვოს „ბ.ა.ტ.ე.“-ს შემადგენლობაში ისევ არ ჩანს ვაკო გვილია. ქართველი შუახაზელი ბოლო დროს განაცხადშიც ვერ ხვდება და ასე იყო ლონდონის „არსენალთან“ მატჩშიც. ბელარუსულმა კლუბმა შინ ინგლისურ გრანდთან ვერაფერი გააწყო და 2:4 დამარცხდა. „ბ.ა.ტ.ე.“-ს ერთი ქულა აქვს და ქვეჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.
ევროპა ლიგის მე-3 ტურის მატჩები 19 ოქტომბერს გაიმართება, ქართველი ფეხბურთელების კლუბების შეხვედრები კი ასეთია:
ტირასპოლის შერიფი – მოსკოვის ლოკომოტივი
ბ.ა.ტ.ე. – კიოლნი
ზულტე ვარეგემი – ვიტესი
ვარდარი – რეალ სოსიედადი