კარლო ანჩელოტის გათავისუფლების შემდეგ მის შესაძლო შემცვლელებად სახელდებოდნენ: თომას ტუხელი, ლუსიენ ფავრი, ლუი ვან გაალი და ლუის ენრიკე, თუმცა გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
იუპ ჰაინკესი ბავარიულ გრანდში ორჯერ, 1987-1991 და 2011-2013 წლებში მუშაობდა, 2009 წელს კი „ბაიერნში“ იგი, წლევანდელის მსგავსად, დროებით მწვრთნელად დანიშნეს. ჩემპიონთა ლიგა მან ორ სხვადასხვა გუნდს მოაგებინა: 1998 წელს მადრიდის „რეალს”, 2013 წელს კი - სწორედ „ბაიერნს”. 2012 წელს დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც „რეკორდმაისტერმა“ მიუნხენში საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსისთან“ პენალტებში წააგო.
იუპ ჰაინკესს 2013 წლის მაისის შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია. იმ წელს მან „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგო. პენსიაზე გასული ჰაინკესი მაშინ პეპ გვარდიოლამ შეცვალა.