C ჯგუფში, სადაც ყველაფერი აქამდეც უკვე თითქმის გარკვეული იყო, ერთი შეხვედრა ადრე გაიმართა. ბაქოში უმოტივაციო გუნდებმა, მასპინძელმა აზერბაიჯანმა და ჩეხეთმა ითამაშეს, რომელიც სტუმართა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა და აქამდე ქვეჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი აზერბაიჯანი ბოლოსწინა ტურში ჩეხეთმა და ნორვეგიამაც მოიტოვეს უკან, რადგან ამ უკანასკნელმა ასევე უმნიშვნელო მატჩში უსუსტესი სან-მარინო მისსავე მოედანზე რვა უპასუხო გოლით გააცამტვერა - ნორვეგიელთა რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა მაროკოული წარმოშობის მოჰამედ ელიუნუსიმ. C ჯგუფის ერთადერთი მნიშვნელოვანი შევხედრა კი ბელფასტის „უინძორ პარკზე“ შედგა, სადაც ქვეჯგუფიდან უკვე გასული ორი ნაკრები შეხვდა ერთმანეთს. ჩრდილოეთ ირლანდიას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია უნდა დაემარცხებინა, რათა პირველი ადგილისთვის ებრძოლა, თუმცა ეს ასე არ მოხდა - იოახიმ ლიოვის გადახალისებულმა გუნდმა სტუმრად იოლად იმარჯვა და მუნდიალის საგზური გაინაღდა, მაიკლ ო’ნილის გუნდი კი პლეი-ოფში გაისტუმრა. უკანასკნელ ტურს ამ ქვეჯგუფში სატურნირო თვალსაზრისით არავითარი ინტერესი აღარ ექნება.
C ჯგუფის მატჩების ანგარიშები:
აზერბაიჯანი 1:2 ჩეხეთი
ჩრდილოეთ ირლანდია 1:3 გერმანია
სან-მარინო 0:8 ნორვეგია
E ჯგუფში ბოლოსწინა ტური ერევანში, ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც მასპინძელმა სომხეთმა ვერაფერი გააწყო პირველადგილოსან პოლონეთთან, რომელთა რიგებში ჰეთ-თრიქით გამოირჩა მთავარმეგოლე რობერტ ლევანდოვსკი. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე შესარჩევ ციკლში 15 გოლი დაუგროვდა, ნაკრების მაისურით კი - 50, რა მაჩვენებლითაც პოლონეთის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა, გადაუსწრო რა ვლოძიმეჟ ლუბანსკის 48-გოლიან ნიშნულს. ადამ ნავალკას გუნდმა სომეხთა ბედოვლათი მეკარის დახმარებით ჯამში ექვსი გოლის გატანა შეძლო და ქვეჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, თუმცა ბოლო ტურში გაირკვევა - პირველი თუ მეორე ადგილით. უაღრესად მნიშნელოვანი და პრინციპული მატჩი შედგა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, სადაც მასპინძელი ნაკრები და დანია ქვეჯგუფიდან გასვლაში ეცილებოდნენ ერთმანეთს. სტუმარმა იუტლანდიელებმა „ტოტენჰემელი“ ქრისტიან ერიკსენის ერთადერთი გოლით იმავე ანგარიშით შეძლეს ჩერნოგორიელთა დამარცხება, როგორითაც მათთან პირველ წრეში კოპენჰაგენში წააგეს. ამ გამარჯვებით დანია მეორე ადგილზე აღზევდა და დიდი ალბათობით ქვეჯგუფიდანაც გავა, რადგან ბოლო ტურში შინ ბოლოადგილოსან ყაზახეთს შეხვდება, მონტენეგრო კი სტუმრად პოლონეთში ითამაშებს. რაც შეეხება ქვეჯგუფის მესამე მატჩს, მწვრთნელგამოცვლილმა უმოტივაციო რუმინეთის ნაკრებმა კოსმინ კონტრას თავკაცობით პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში აუტსაიდერი ყაზახეთის დამარცხებით აღნიშნა.
E ჯგუფის მატჩების ანგარიშები:
სომხეთი 1:6 პოლონეთი
მონტენეგრო 0:1 დანია
რუმინეთი 3:1 ყაზახეთი
საინტერესო ტური გამოდგა F ჯგუფისთვის, სადაც ინგლისის ნაკრებმა ლეგენდარულ „უემბლიზე“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო სლოვენიელთა დამარცხება. სრეჩკო კატანეცის გუნდი კარგად უძალიანდებოდა მონდომებულ მასპინძლებს, კარგად თამაშობდა „ატლეტიკოს“ გოლკიპერი იან ობლაკი, თუმცა საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე იან უოკერის ფლანგურ პასს ნაკრების კაპიტნის სამკლაურით მოთამაშე „ტოტენჰემელი“ ბომბარდირი ჰარი კეინი დახვდა და გარეთ საუთგეიტის გუნდს რუსეთის საგზური გაუფორმა. მეორე ადგილზე გასვლისთვის კი სლოვენიასთან ერთად შოტლანდია და სლოვაკეთიც იბრძვიან, რომლებიც გლაზგოში შეხვდნენ ერთმანეთს, დაძაბულ მატჩში გამარჯვება კი ბოლო ხანს მოფერიანებულ მასპინძელ სკოტებს დარჩათ და სანატრელი მეორე ადგილიც სწორედ სლოვაკებს აართვეს. ინტრიგა შენარჩუნდა და აქ ყველაფერს ბოლო ტური გადაწყვეტს, როდესაც შოტლანდია სლოვენიაში ჩავა და გამარჯვებას შეეცდება, სლოვენია კი თავის მხრივ მოსაგებად ითამაშებს იმის ფიქრში, რომ სლოვაკებმა შინ ბოლოადგილოსანი მალტის დამარცხება ვერ შეძლონ.
F ჯგუფის მატჩების ანგარიშები:
ინგლისი 1:0 სლოვენია
შოტლანდია 1:0 სლოვაკეთი
მალტა 1:1 ლიტვა