weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა რჩება

12:45 პარასკევი, 06 ოქტომბერი 2017

უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვანი და უჩვეულოდ ნაკლებგოლიანი ტური გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში. მოულოდნელი ანგარიშებით დასრულებულ მატჩებს შორის მთავარი მოვლენა კვლავაც არგენტინელთა უშედეგო თამაშია - მესიმ და კომპანიამ ზედიზედ მეოთხე მატჩში ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება და საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდი მუნდიალის გარეშე დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს.

პირველი შეხვედრა ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში გაიმართა. რუსეთში გასამართ მსოფლიო თასზე დიდი ხნის წინ გასულმა ბრაზილიის ნაკრებმა უმოტივაციო მასპინძლებს სრული შემადგენლობით ეთამაშა, თუმცა მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. პირველ ტაიმში ნეიმარს ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, ბოლივიელმა ფორვარდმა მარსელო მარტინს მორენომ კი ძლიერად დარტყმული ბურთი ალისონის კარის ხარიხას გაარტყა. მეორე ნახევრის სტარტზე გატანა შეეძლო პაულინიოსაც, რომლის მცდელობასაც ბოლივიელთა გოლკიპერმა და ძელმა შეუშალეს ხელი.

ანალოგიური ანგარიშით დასრულდა კიდევ ერთი აუტსაიდერის, ბოლოადგილოსანი ვენესუელასა და ურუგვაის ნაკრების შეხვედრა. სტუმარი ურუგვაელები გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალის საგზურს ინაღდებდნენ, თუმცა ქალაქ სან კრისტობალში გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.

ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ შინ გაჭირვებით მოიგო ჩილეს ეროვნულმა გუნდმა. ეკვადორთან საშინაო მატჩში სანტიაგოს პირთამდე სავსე „ესტადიო მონუმენტალზე“ ანგარიში ჩილელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ედუარდო ვარგასმა გახსნა. რუსეთში თამაშზე მეოცნებე ეკვადორელებმა 82-ე წუთზე გაათანაბრეს, თუმცა მათი ოცნება ოცნებადვე დარჩა - სამ წუთში ჩილეს ნაკრების ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა ალექსის სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა, ჩილეს ნაკრებმა კი სატურნირო ცხრილში დიდი ნახტომი გააკეთა და მე-3 ადგილზე ღმოჩნდა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში, სადაც არასტაბილური პარაგვაის წინააღმდეგ მასპინძლები მატჩის მიწურულს კაპიტანმა და კოლუმბიელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა რადამელ ფალკაომ დააწინაურა. ხოსე პეკერმანის გუნდის სიხარულმა ზუსტად ათ წუთს გასტანა, რადგან 89-ე წუთზე პარაგვაელმა ვეტერანმა ფორვარდმა ოსკარ კარდოსომ გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი „ბეტისელმა“ ანტონიო სანაბრიამ მასპინძელ „კაფეტერებს“ ცივი შხაპი გადაავლო და პარაგვაის ნაკრებს მუნდიალზე გასვლის ოცნება შეუნარჩუნა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი ბუენოს აირესის ლეგენდარულ სარბიელ „ლა ბომბონერაზე“ შედგა. არგენტინელთა თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი პაულო დიბალა და მაურო იკარდი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, უფრო მეტიც, ისინი შეცვლაზეც არ ათამაშა, მაშინ როდესაც მისი გუნდი უშუალო კონკურენტ პერუს ნაკრებს ვერაფერს უხერხებდა. „ალბისელესტეს“ შეტევების სულისჩამდგმელი რა თქმა უნდა ლიონელ მესი იყო, საგოლე მომენტებიც მან (სამჯერ), ძირითადში გამწესებულმა ნაკრების დებიუტანტმა „ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდმა დარიო ბენედეტომ (სამჯერ) და ლუკას ბილიამ ვერ გამოიყენეს, რადგან ხშირ შემთხვევაში პერუელთა კარის დარაჯი იყო დამაჯერებელი. ამრიგად, მორიგი მოუგებელი მატჩის გამო არგენტინელებმა სატურნირო ცხრილში პოზიცია დათმეს და უკანასკნელ ტურში, სტუმრად უმოტივაციო ეკვადორთან სამკვდრო-საციცოხლო ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რადგან ყაიმის ან წაგების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდებიან.

მე-17 ტურის მატჩების ანგარიშები:

ბოლივია 0:0 ბრაზილია

ვენესუელა 0:0 ურუგვაი

ჩილე 2:1 ეკვადორი

კოლუმბია 1:2 პარაგვაი

არგენტინა 0:0 პერუ

სატურნირო ცხრილი:

  1. ბრაზილია - 38 ქულა, ბურთები 38:11
  2. ურუგვაი - 28 ქულა, ბურთები 28:18
  3. ჩილე - 26 ქულა, ბურთები 26:24
  4. კოლუმბია - 26 ქულა, ბურთები 20:18
  5. პერუ - 25 ქულა, ბურთები 26:25
  6. არგენტინა - 25 ქულა, ბურთები 16:15
  7. პარაგვაი - 24 ქულა, ბურთები 19:24
  8. ეკვადორი - 20 ქულა, ბურთები 25:26
  9. ბოლივია - 14 ქულა, ბურთები 14:34
  10. ვენესუელა - 9 ქულა, ბურთები 18:35

სამხრეთ ამერიკაში შესარჩევი ციკლის უკანასკნელი მე-18 ტურის შეხვედრები 10 ოქტომბერს გაიმართება:

ბრაზილია - ჩილე

ეკვადორი - არგენტინა

პარაგვაი - ვენესუელა

პერუ - კოლუმბია

ურუგვაი - ბოლივია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]