ქულები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე „ჯვაროსნებს“ არაფერში წაადგებათ, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პირველი გამარჯვება ძალიან სჭირდება. ვლადიმირ ვაისის კრებული შესარჩევ ციკლში რვა ტურის თავზე მოუგებლადაა. მართალია, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგია და ამას ყველა, მათ შორის მეტოქეებიც აღნიშნავენ, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია და ბოლოს ყველაფერს მაინც შედეგი განსაზღვარს.
უელსელთა მთავარი მწვრთნელი ქრის კოულმენი ამბობს, რომ ერთი წლის წინ, კარდიფში მისი გუნდი საქართველოსთან მარცხს გადაურჩა, რაც სრული სიმართლეა - საქართველომ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და რომ არა ბევრი გაცუდებული საგოლე მომენტი, უსათუოდ მოიპოვებდა სამ ქულას.
კარდიფში გატანილი გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი დღეს მოედანზე არ იქნება, ისევე როგორც - ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. სამივე მათგანმა პირველ წრეში, უელსთან ნათამაშებ ფრესა და მოპოვებულ ქულაში დიდი წვლილი შეიტანა.
ქართველთა სავარაუდო შემადგენლობა ასეთი იქნება (4-3-3): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; გვილია, კანკავა, კვეკვესკირი; ჯიღაური, ქვილითაია, ყაზაიშვილი.
უელსის ნაკრები თბილისს დიდი დანაკლისით ეწვია - „დრაკონებს“ მთავარი ვარსკვლავი და გუნდის ლიდერი გარეთ ბეილი არ ეყოლება.
რაც შეეხება ამ ორი გუნდის დაპირისპირებას, ურთიერთშეხვედრებში ქართველთა უპირატესობა აშკარაა: 4 მატჩი, 3 მოგება და 1 ფრე, ბურთების შეფარდება 9:2.
საქართველო - უელსის შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის მთავარი არბიტრი ესპანელი ხესუს ხილ მანსანო იქნება.