weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

12:32 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

რუსეთში გასამართი მუნდიალის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ნაკრების მსგავსად, სხვა ევროპულმა გუნდებმაც გამართეს თავიანთი შეხვედრები, რომლებშიც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა - ესპანეთის ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე შესანიშნავად ასპარეზობს და მსოფლიო პირველობაზე თამაშის უფლებაც ბოლოსწინა ტურში გაინაღდა.

D ჯგუფში საქართველო-უელსის დასრულების შემდეგ ორი მატჩი პარალელურად გაიმართა. ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა დერილ მერფის საწყის 19 წუთში შესრულებული დუბლით ბოლოადგილოსანი მოლდოვა დაამარცხა, ქვეჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნა და უკანასკნელ ტურში სტუმრად უელსში მოსაგებად ჩავა, პირველადგილოსანმა სერბეთმა კი ვენაში უმოტივაციო ავსტრიასთან წააგო. სლავოლიუბ მუსლინის გუნდი მე-11 წუთზე დაწინაურდა, შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს, 76-ე წუთზე კი მარკო არნაუტოვიჩის გოლით წინ გავიდნენ. სერბებმა 83-ე წუთზე შუახაზის ლიდერ ნემანია მატიჩის გოლით გააყაიმეს, თუმცა ლუის შაუბმა ბალკანელებს ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს პრესტიჟის გამარჯვება გაუფორმა.

D ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

საქართველო 0:1 უელსი

ირლანდია 2:0 მოლდოვა

ავსტრია 3:2 სერბეთი

ყველაფერი გაირკვა G ჯგუფში, სადაც პირველადგილოსანმა ესპანეთმა ქალაქ ალიკანტეში პირველ ტაიმში გატანილი სამი გოლით (როდრიგო, ისკო, ტიაგო ალკანტარა) ალბანეთს იოლად სძლია და რადგანაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში იტალიამ ტურინში უმოტივაციო მაკედონიის დამარცხება ვერ შეძლო, რუსეთში ასპარეზობა გაიოფიციალურა. „სკვადრა აძურა“ პირველი ტაიმის მიწურულს ჯორჯო კიელინიმ დააწინაურა, თუმცა 77-ე წუთზე გოლი გაუშვა და მუნდიალზე მოსახვედრად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

G ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ესპანეთი 3:0 ალბანეთი

იტალია 1:1 მაკედონია

ლიხტენშტაინი 0:1 ისრაელი

საინტერესო შედეგებით დასრულდა მატჩები I ჯგუფში, სადაც ამ ტურამდე ოთხი მეტნაკლებად თანაბარი ძალის მქონე გუნდი აცხადებდა მსოფლიო თასზე გასვლის პრეტენზიას, თუმცა ბოლოსწინა ტურამდე ლიდერმა ხორვატიამ დიდი ხნის წინ ბრძოლას გამოთიშულ, უმოტივაციო, მაგრამ ბოლო პერიოდში ათამაშებულ ფინეთის დამარცხება საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა. მოიგო უკრაინამ, რომელმაც მაჩანჩალა კოსოვო მეორე ტაიმში გატეხა, ისლანდიამ კი უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ სტაბილური და ძლიერი გუნდია და ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის იქნება - კუნძულელებმა თურქეთი მისსავე მოედანზე უშანსოდ დაამარცხეს, თურქები ბრძოლას გამოთიშეს, თავად კი ქვეჯგუფის პირველ ადგილზე გადავიდნენ. უკანასკნელ ტურში ისლანდია შინ ბოლოადგილოსან კოსოვოს მიიღებს და უდიდესი ალბათობით, ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, აი უკრაინა და ხორვატია კი ერთმანეთში გაარკვევენ პლეი-ოფში გამსვლელის ვინაობას.

I ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ხორვატია 1:1 ფინეთი

კოსოვო 0:2 უკრაინა

თურქეთი 0:3 ისლანდია

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]