weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა

12:34 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურის მატჩები ევროპის ზონის დარჩენილ სამ ქვეჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფის პირველი მატჩი შვედეთის ქალაქ სოლნაში გაიმართა, სადაც მასპინძელთა ნაკრებმა უსუსტეს ლუქსემბურგს შავი დღე აყარა - რვა უპასუხო ბურთი გაუტანა და მუნდიალისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. სკანდინავიელთა რიგებში პოკერი აბუ დაბის „ალ აინის“ ფორვარდმა მარკუს ბერგმა შეასრულა, დუბლი კი პენალტებით - შვედების კაპიტანმა, „კრასნოდარში“ თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელმა მცველმა ანდრეას გრანკვისტმა. შვედეთის ფეერიული ასპარეზობა ლუქსემბურგზე მეტად ჰოლანდიის ნაკრებს ეწყინა, რომელმაც მართალია თავისი მატჩი სტუმრად ბელარუსში გაჭირვებით, თუმცა მაინც მოიგო ანგარიშით 3:1, მაგრამ პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში საკუთარ კედლებში შვედების შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხება მართებს, რათა მეტოქის გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობაც აღმოფხვრას, რაც პრაქტიკულად ურთულესი შესასრულებელია. ქალაქ ბორისოვოში ნიდერლანდელებმა „ბრაიტონელი“ დეივი პრიოპერის გოლით ტაიმი მოიგეს, მეორე ნახევრის სტარტზე ბელარუსის ნაკრებმა მაქსიმ ვოლოდკოს გოლით ანგარიში გაათანაბრა, ჰოლანდიამ კი გამარჯვება ბოლო ექვს წუთში არიენ რობენისა (პენალტით) და მემფის დეპაის გოლებით მოახერხა. თავისი შეხვედრა მოიგო საფრანგეთმა და ქვეჯგუფში პირველობა შეინარჩუნა - „მამლები“ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დააწინაურა, რაც მატჩის ერთადერთი გოლი გამოდგა, დიდიე დეშანის გუნდმა კი სულ მინიმუმ პლეი-ოფში გასვლის უფლება დაიბევა.

A ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

შვედეთი 8:0 ლუქსემბურგი

ბელარუსი 1:3 ჰოლანდია

ბულგარეთი 0:1 საფრანგეთი

არაფერი შეცვლილა B ჯგუფში, სადაც ქვეჯგუფიდან ორივე გასულმა გუნდმა მოიგო: პირველადგილოსანმა შვეიცარიამ უხვგოლიან საშინაო შეხვედრაში უმოტივაციო უნგრეთს სძლია, მეორე ადგილზე მყოფმა პორტუგალიამ კი სტუმრად - ანდორას. აღსანიშნავია, რომ მორიგი გოლი გაიტანა კრისტიანო რონალდომ, რომელმაც 63-ე წუთზე ანგარიში გახსნა, მიმდინარე შესარჩივ ციკლში კი რობერტ ლევანდოვსკის მსგავსად 15 რეკორდულ გოლს მოუყარა თავი. ვინ გაემგზავრება პირდაპირ რუსეთში და ვინ იბრძოლებს პლეი-ოფში, ამას პორტუგალია და შვეიცარია ორ დღეში, ლისაბონში, ბოლო ტურის მატჩში გაარკვევენ.

B ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

შვეიცარია 5:2 უნგრეთი

ანდორა 0:2 პორტუგალია

ფარერის კუნძულები 0:0 ლატვია

H ჯგუფში სანახაობრივი და დრამატული ბრძოლა შედგა ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, სადაც 7-გოლიან თრილერში გამარჯვება მუნდიალზე უკვე გასულ ბელგიის ნაკრებს დარჩა: სწრაფი გოლით დაწინაურებულ „წითელ ეშმაკებს“ მასპინძლებმა ტაიმი მაინც მოუგეს, მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვეს, მაგრამ 82-ე წუთზე გათანაბრება შეძლეს, თუმცა ორ წუთში კვლავ მიიღეს ბელგიელებისგან გოლი და დამარცხდნენ. ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა ამ წაგების გამო ქვეჯგუფში მეორე ადგილი კვლავ საბერძნეთს გადაულოცა, რომელმაც თავის მხრივ სტუმრად თანამოძმე კვიპროსელები დაამარცხა. ბერძნებთან წაგების შემდეგ კუნძულელები სატურნირო ცხრილში ესტონელებმაც მოიტოვეს უკან, სტუმრად გიბრალტარის იოლი ძლევის გამო. ბალტიისპირელთა რიგებში ჰეთ-თრიქი შეასრულა ტალინის „ფლორას“ ფეხბურთელმა იოონას ტამმა.

H ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ბოსნია & ჰერცეგოვია 3:4 ბელგია

კვიპროსი 1:2 საბერძნეთი

გიბრალტარი 0:6 ესტონეთი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]