weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთში ასპარეზობის უფლება კიდევ სამმა ნაკრებმა მოიპოვა

23:35 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე თამაშის უფლება კიდევ სამი არაევროპული ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა. მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ნიგერია და ეგვიპტე პირველი აფრიკული გუნდები გახდნენ, რომელთაც მუნდიალის საგზურები გაიფორმეს, ჩრდილოეთ ამერიკის ზონიდან კი მექსიკის შემდეგ მეორე გუნდმა, კოსტა რიკამ შეძლო რუსეთში სათამაშო საგზურის მოპოვება.

აღსანიშნავია, რომ აფრიკის ზონის შესარჩევი ეტაპის ხუთი ქვეჯგუფიდან ნიგერია ყველაზე რთულ ჯგუფში იმყოფებოდა, სადაც მუნდიალის საგზურს კამერუნის, ალჟირისა და ზამბიის ნაკრებები ეცილებოდნენ, თუმცა „სუპერ არწივებმა“ შესანიშნავად იასპარეზეს და ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე „არსენალელი“ ალექს ივობის ერთადერთი გოლით ზამბია დაამარცხეს, მეტოქე გუნდებისგან მიუწვდომელნი გახდნენ და გაისად რუსეთში ითამაშებენ. ნიგერიის ეროვნული გუნდი, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი გერნოტ რორი წვრთნის, მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 44-ე ადგილს იკავებს. ნიგერია მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსედ ითამაშებს, აქამდე „სუპერ არწივებმა“ 1994, 1998, 2002, 2010 და 2014 წლების მუნდიალებზე მიიღეს მონაწილეობა.

მსოფლიოს უპრესტიჟულეს სანაკრებო ტურნირზე არსებობის ისტორიაში მესამედ მიიღებს მონაწილეობას ეგვიპტის ნაკრები. „ფარაონებმა“ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალის, „ლივერპულის“ ფორვარდ მოჰამედ სალაჰის დახმარებით შეძლეს ქალაქ ალექსანდრიაში კონგოს ნაკრების დამარცხება. ეგვიპტელები 63-ე წუთზე სალაჰმა დააწინაურა, უმოტივაციო კონგომ 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული პენალტი გოლად სალაჰმა აქცია და ეგვიპტელებს ნანატრი საგზური ბოლოსწინა ტურში მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სალაჰმა ხუთ ტურში ხუთი გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ეგვიპტის ნაკრებს, რომელსაც ერთ დროს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნის, 1990 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მუნდიალზე.

CONCACAF-ის ზონაში ქარიშხალ ნეიტის გამო გადადებული მატჩი კოსტა რიკამ შინ ჰონდურასთან გამართა. გამარჯვების ან ყაიმის შემთხვევაში მასპინძლები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდნენ, ასეც მოხდა - მართალია გუნდი 63-ე წუთიდან აგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გათანაბრება მოახერხა და არსებობის ისტორიაში მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო პირველობაზე. ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონიდან კიდევ ერთი პირდაპირი საგზური და საპლეი-ოფო (აზიის ზონის მეხუთეადგილოსანთან) ადგილიც გათამაშდება, ამ ორი პოზიციისთვის კი სამი გუნდი - აშშ, პანამა და ჰონდურასი იბრძვიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]