weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პოლონეთის ნაკრებმაც მოიპოვა

11:22 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტური სამ ქვეჯგუფში გაიმართა, სადაც რუსეთში გასამართი მსოფლიო თასის კიდევ ერთი ევროპული მონაწილე გაირკვა - პოლონეთმა შესარჩევი ციკლი გუნდის ლიდერ რობერტ ლევანდოვსკის ბრწყინვალე თამაშის წყალობით შესანიშნავად ჩაატარა და არსებობის ისტორიაში მერვედ მიიღებს მუნდიალზე მონაწილეობას.

საერთოდ არაფერი შეუცვლია მე-10 ტურს C ჯგუფში. ნორვეგიამ პლეი-ოფში გასულ ჩრდილოეთ ირლანდიასთან პრესტიჟის გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, ჩეხეთმა შინ სან-მარინო არ დაინდო, გერმანიამ კი - აზერბაიჯანი. კაიზერსლაუტერნის „ფრიც ვალტერ შტადიონზე“ იოახიმ ლიოვის გუნდი „შალკელი“ ლეონ გორეცკას ქუსლით გატანილი სწრაფი გოლით დაწინაურდა, აზერბაიჯანელებმა რამილ შეიდაევის გოლით გაათანაბრეს, რასაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა სანდრო ვაგნერის, ანტონიო რიუდიგერის, ემრე ჯანისა და იმავე გორეცკას გოლებით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე ათივე მატჩის მოგება მოახერხა.

C ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

გერმანია 5:1 აზერბაიჯანი

ჩეხეთი 5:0 სან-მარინო

ნორვეგია 1:0 ჩრდილოეთ ირლანდია

C ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. გერმანია - ქულა 30, ბურთები 43:4
  2. ჩრდილოეთ ირლანდია - ქულა 19, ბურთები 17:6
  3. ჩეხეთი - ქულა 15, ბურთები 17:10
  4. ნორვეგია - ქულა 13, 17:16
  5. აზერბაიჯანი - ქულა 10, ბურთები 10:19
  6. სან-მარინო - ქულა 0, ბურთები 2:51

E ჯგუფში ინტერესს იწვევდა პოლონეთი-მონტენეგროს დაპირისპირება. ჩერნოგორიელებს ვარშავაში უნდა მოეგოთ, პარალელურად კი დანიას შინ უნდა წაეგო რუმინეთთან, რათა პლეი-ოფში ბალკანელები გასულიყვნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა: დანიამ კოპენჰაგენში ფრედ ითამაშა რუმინეთთან და პლეი-ოფში აუღელვებლად გააღწია, პოლონეთმა კი დამაჯერებლად მოიგო. ადამ ნავალკას გუნდი მე-16 წუთზე „ლეგიას“ ნახევარმცველ კჟიშტოფ მონჩინსკისა და „ჰალ სიტის“ გარემარბ კამილ გროშიცკის გოლებით იგებდა თამაშს, მეორე ტაიმის მიწურულს ხუთწუთიან ინტერვალში მონტენეგრომ ორბურთიანი ჩამორჩენა გაქვითა, თუმცა სამ წუთში, 86-ე წუთზე პოლონელთა ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის შეცდომით ისარგებლა, შესარჩევ ციკლში სარეკორდო მე-16 გოლი გაიტანა და მასპინძლები წინ გაიყვანა, დარჩენილ დროში კი ჩერნოგორიელებმა ავტოგოლიც მიითვალეს და კარგად დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპი ცუდად დაასრულეს.

E ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

პოლონეთი 4:2 მონტენეგრო

დანია 1:1 რუმინეთი

ყაზახეთი 1:1 სომხეთი

E ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. პოლონეთი - ქულა 25, ბურთები 28:14
  2. დანია - ქულა 20, ბურთები 20:8
  3. მონტენეგრო - ქულა 16, ბურთები 20:12
  4. რუმინეთი - ქულა 13, ბურთები 12:10
  5. სომხეთი - ქულა 7, ბურთები 10:26
  6. ყაზახეთი - ქულა 3, ბურთები 6:26

საინტერესო წარიმართა მოვლენები F ჯგუფში, სადაც მუნდიალზე უკვე გასული ინგლისის შემდეგ, პლეი-ოფში მოსახვედრად სამი გუნდი იბრძოდა. სლოვაკეთის, შოტლანდიისა და სლოვენიისთვის არსებობდა რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, რომელთა მიხედვითაც სამივე გუნდს ჰქონდა მეორე ადგილის დაკავების შანსი, საბოლოოდ კი ყველაზე რეალური სიტუაცია მივიღეთ: სლოვენია-შოტლანდია უშეღავათო ბრძოლაში ფრედ დასრულდა, რაც არცერთ მათგანს ხელს არ აძლევდა, სლოვაკეთმა კი შინ ბოლოადგილოსანი მალტა იოლად დაამარცხა და ორივე კონკურენტი უკან მოიტოვა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის მიერ ქვეჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების მიუხედავად, გუნდს გარანტირებული არ აქვს პლეი-ოფში თამაში, რადგან სხვა მეორეადგილოსანი გუნდებისგან განსხვავებით, სლოვაკეთს ცუდი სტატისტიკა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორეადგილოსანი ევროპული გუნდი, რომელიც გადათამაშებაში დაბალი შედეგიანობის გამო ვერ მოხვდება, შესაძლოა სწორედ სლოვაკეთი აღმოჩნდეს. რაც შეეხება პირველადგილოსან ინგლისს, ბოლო ტურში გარეთ საუთგეიტის გუნდმა ჰარი კეინის გატანილი პენალტით ვილნიუსში აუტსაიდერი ლიტვა დაამარცხა.

F ჯგუფის მატჩების შედეგები:

ლიტვა 0:1 ინგლისი

სლოვენია 2:2 შოტლანდია

სლოვაკეთი 3:0 მალტა

F ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. ინგლისი - ქულა 26, ბურთები 18:3
  2. სლოვაკეთი - ქულა 18, ბურთები 17:7
  3. შოტლანდია - ქულა 18, ბურთები 17:12
  4. სლოვენია - ქულა 15, ბურთები 12:7
  5. ლიტვა - ქულა 6, ბურთები 7:20
  6. მალტა - ქულა 1, ბურთები 3:25
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]