weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთი და პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ, ჰოლანდია ჯგუფში ჩარჩა

11:26 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

ევროპაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და გაირკვა ის გუნდები, რომლებიც რუსეთში გაისად ითამაშებენ და ისინიც - რომლებსაც გადათამაშებაში მოუწევთ ბრძოლა მსოფლიო პირველობაზე მოსახვედრად.

A ჯგუფში ყველაფერი მოლოდინისამებრ დასრულდა. პირველადგილოსანმა საფრანგეთმა „სტად დე ფრანსზე“ ბელარუსს უმასპინძლა და ანტუან გრიზმანისა და ოლივიე ჟირუს გოლებით სძლია სუსტ მეტოქეს. გარკვეული ინტრიგა არსებობდა ჰოლანდია-შვედეთის დაპირისპირებაში: კრიზისში მყოფ „ნარინჯისფერებს“ სკანდინავიელები შვიდბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინათ, რათა პლეი-ოფში შვედების ნაცვლად მოხვედრილიყვნენ, თუმცა ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორმა ჰოლანდიიის ნაკრებმა ვეტერან არიენ რობენის დუბლით მხოლოდ 2:0 დაამარცხა შვედეთი და ზედიზედ მოუწევთ ორი დიდი სანაკრებო ტურნირის გაცდენა - მოგეხსენებათ, „მექანიკური ფორთოხალი“ გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზეც ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ შვედეთთან შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა არიენ რობენისთვის - გუნდის კაპიტანმა თოთხმეტწლიანი სანაკრებო კარიერა 96 მატჩითა და 37 გოლით დაასრულა. რაც შეეხება ქვეჯგუფის მესამე მატჩს, აუტსაიდერმა ლუქსემბურმა შინ ფრედ ითამაშა ბულგარეთთან და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

A ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

საფრანგეთი 2:1 ბელარუსი

ჰოლანდია 2:0 შვედეთი

ლუქსემბურგი 1:1 ბულგარეთი

A ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. საფრანგეთი - ქულა 23, ბურთები 18:6
  2. შვედეთი - ქულა 19, ბურთები 26:9
  3. ჰოლანდია - ქულა 19, ბურთები 21:12
  4. ბულგარეთი - ქულა 13, 14:19
  5. ლუქსემბურგი - ქულა 6, ბურთები 8:26
  6. ბელარუსი - ქულა 5, ბურთები 6:21

პრინციპული დაპირისპირება შედგა B ჯგუფში, სადაც პორტუგალია-შვეიცარიის შეხვედრაში პირველ-მეორე ადგილზე გამსვლელი უნდა გარკევულიყო. „ნეიტრალებს“ პირველ ადგილზე დასარჩენად ფრეც აძლევდათ ხელს, ევროპის მოქმედ ჩემპიონებს კი მათი დამარცხება სჭირდებოდათ, რათა პლეი-ოფს აცდენილიყვნენ და იქ მეტოქე გაეგზავნათ. ასეც მოხდა, ლისაბონში ფერნანდო სანტოსის გუნდმა იგივე ანგარიშით მოიგო, რომლითაც შვეიცარიასთან პირველ ტურში წააგო, ბურთების უკეთესი შეფარდებით კი პირდაპირ მოხვდა რუსეთში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორივე გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა ამ შესარჩევ ციკლში და ერთმანეთთან წაგების გარდა ყველა მატჩი მოიგო.

B ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

პორტუგალია 2:0 შვეიცარია

უნგრეთი 1:0 ფარერის კუნძულები

ლატვია 4:0 ანდორა

B ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. პორტუგალია - ქულა 27, ბურთები 32:4
  2. შვეიცარია - ქულა 27, ბურთები 23:7
  3. უნგრეთი - ქულა 13, ბურთები 14:14
  4. ფარერის კუნძულები - ქულა 9, ბურთები 4:16
  5. ლატვია - ქულა 7, ბურთები 7:18
  6. ანდორა - ქულა 4, ბურთები 2:23

H ჯგუფის პირველადგილოსანმა და მუნდიალზე ორი ტურის წინ გასულმა ბელგიამ ბრიუსელში მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონზე კვიპროსი არ დაინდო: დუბლი შეასრულა ედენ აზარმა, რომელსაც მხარი უმცროსმა ძმა ტორგან აზარმა აუბა, ბოლო გოლი კი კუნძულელთა კარში მთავარმა მეგოლე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. ესტონეთში იზეტ ჰაიროვიჩის დუბლით გაჭირვებით მოიგო ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა, თანაც იმ იმედით, რომ საბერძნეთი შინ უსუსტეს გიბრალტარს ვერ მოუგებდა. ცხადია, ეს ასე არ მოხდა, მიხაელ სკიბეს დამოძღვრილმა ელინებმა პირეოსში იოლად სძლიეს ჯუჯა ქვეყნის ნაკრებს და დამსახურებულად მოხვდნენ გადათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი-გიბრალტარის მატჩი ქართველმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა.

H ჯგუფის მატჩების ანგარიშები:

ბელგია 4:0 კვიპროსი

ესტონეთი 1:2 ბოსნია & ჰერცეგოვინა

საბერძნეთი 4:0 გიბრალტარი

H ჯგუფის სატურნირო ცხრილი:

  1. ბელგია - ქულა 28, ბურთები 43:6
  2. საბერძნეთი - ქულა 19, ბურთები 17:6
  3. ბოსნია & ჰერცეგოვინა - ქულა 17, ბურთები 24:13
  4. ესტონეთი - ქულა 11, ბურთები 13:19
  5. კვიპროსი - ქულა 10, ბურთები 9:18
  6. გიბრალტარი - ქულა 0, ბურთები 3:47
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]